უდუმაშვილი – მელიას დაკითხვაზე დაბარება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ის ამ აბსურდში მონაწილეობას არ აპირებს

ნიკა მელია სუს-ში მისვლასა და სასამართლოში დაკითხვაზე უარს ამბობს, რაც სწორია, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მისი დაბარება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია „აბსურდში მონაწილეობას არ აპირებს“.

„2012 წლის შემდეგ, თვლა აგვერია, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით რამდენჯერ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ამ სიტყვების გარდა, ჩვენ რეალურად არაფერი გვინახავს. სუს-ში რამდენიმე ადამიანს დაკითხვაზე დაიბარებენ, შემდეგ პროცესი მთავრდება. მგონი, სუს-ის დღევანდელი მდგომარეობა სახელმძღვანელოში უნდა შეიტანონ, როგორც პოლიტიკური პოლიციის საუკეთესო მაგალითი. წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ არც ერთი რუსი ჯაშუში არ გამოუვლენია, სამაგიეროდ, ოპოზიციის ლიდერებს დასდევს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის საქმეები მიმდინარეობს. ნიკა მელია სუს-ში მისვლასა და სასამართლოში დაკითხვაზე უარს ამბობს, რაც სწორია, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ნიკა მელიას დაბარება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და მას პოლიტიკური პასუხი სჭირდება. ნიკა მელია ამ აბსურდში მონაწილეობას არ აპირებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კითხვაზე, დააკავებენ თუ არა მელიას, უდუმაშვილმა განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.

„არაფერი არის გამორიცხული, ნანახი გვყავს დაკავებული მელია და შემდეგ გათავისუფლებულიც. საკითხავია, ახლა სადამდე შეტოპავენ, რადგან სუს-ის მიერ ასეთი ქმედება იქნება პირდაპირი დასტური, რომ ქვეყანაში გამყარებულია დიქტატურა. მელიას ისიც კი არ განუმარტეს, რატომ არის დაბარებული. ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი ფრაზა ხელისუფლების ცვლილების თაობაზე აღქმულია, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ეს არის დიქტატურა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამინისტრო: მე-9 კლასის ისტორიის ორივე გრიფირებულ სახელმძღვანელოში აღწერილია საქართველოს უახლესი ისტორიის ფაქტები
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ თბილისის ათივე რაიონის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა