უდუმაშვილი – მადლობა სახალხო დამცველს, ეს ინსტიტუტი სახელმწიფოსა და ქვეყნის დემოკრატიის სადარაჯოზე დგას

”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი

მინდა, მადლობა გადავუხადო სახალხო დამცველს. ეს ინსტიტუტი სახელმწიფოსა და ქვეყნის დემოკრატიის სადარაჯოზე დგას, გუშინდელი დღეც ამისი ნათელი მაგალითი იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის მიერ შეკრებილ ექიმთა კომპეტენციაში არავის შეიძლება, ეჭვი ეპარებოდეს.

„ექიმების დასკვნა მოვისმინეთ, მგონი, არავის არ ეპარება ეჭვი იმ მედიკოსების კომპეტენციაში, რომლებიც სახალხო დამცველმა შეკრიბა. ყველა ექიმი ამბობს ერთსა და იმავეს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს გლდანის ციხეში საფრთხე ემუქრება და ის სასწრაფოდ გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში. ამის საპასუხოდ ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, რომ შეიძლება სახალხო დამცველის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ეს არის ხელისუფლების პოზიცია, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა დღეს მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობა, ასევე სიცოცხლე. ეს არის ხელისუფლება, რომელიც დანაშაულს სჩადის არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წინაშე, არამედ ქართული სახელმწიფოს წინაშე. „ქართული ოცნების“ დღევანდელი პოზიცია პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ისინი არ აპირებენ არანაირი შემხვედრი ნაბიჯის გადადგმას, რაც შეიძლება ტრაგედიით დასრულდეს. მედიკოსების ბრიფინგზე პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ის დაწესებულება, სადაც დღეს იმყოფება სააკაშვილი, ვერ უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ის შესაბამის კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინონიაშვილი – ირაკლი კობახიძეს ბევრი დიპლომი აქვს, მაგრამ ნამდვილად არ გააჩნია სამედიცინო კვალიფიკაცია
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გლდანისა და რუსთავის ციხის თანამშრომლებს კითხავენ