უდუმაშვილი – ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას თავისი უგუნური პოლიტიკით

ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას თავისი უგუნური პოლიტიკით, რომელსაც მესამე პრეზიდენტის მიმართ ახორციელებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„შეიძლება უმძიმესი და სავალალო შედეგი მივიღოთ, რადგან ახლა საუბარია არა დღეებზე, არამედ საათებზე და წუთებზე, რადგან სააკაშვილის მდგომარეობა როდის შეიცვლება და დამძიმდება, არავინ იცის, შემდეგ შეიძლება ძალიან დაგვიანებულიც იყოს ექიმების ჩარევა. კონსილიუმის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მას სჭირდება მრავალპროფილურ დაწესებულებაში მკურნალობა, სადაც იქნება კონკრეტული აპარატურა „ემერაი“, „კატე“ და სხვა აპარატურები, რაც ციხის საავადმყოფოს არ აქვს“,- აღნიშნა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, მე-18 სამკურნალო დაწესებულება სააკაშვილისთვის უსაფრთხო არ არის.

„მეორე საკითხია უსაფრთხოება. გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანა ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს მძიმე მოქმედებები ადგილობრივი პატიმრების მხრიდან, რომელსაც ხელისუფლება დააორგანიზებს. რაც შეეხება პრივილეგიებს, არც სააკაშვილი და არც ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე განსაკუთრებულს, როცა ნებისმიერი პატიმარი ცუდად ხდება და მას ვერ ეხმარებიან, ის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ეს მიღებული პრაქტიკაა და სააკაშვილი განსაკუთრებულ გამონაკლისს არაფერს ითხოვს. სჯობს, ხელისუფლება გონს დროულად მოეგოს, რადგან პასუხისმგებლობა მას აკისრია“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

წინა სტატიაშიკობახიძე – არავითარი კონტრაქცია ეს არ არის, ეს არის შემაჯამებელი, საარჩევნო აქცია
შემდეგი სტატია“სასტუმროში ვარ, ვერ უყურებ? დასათვალიერებლად ჩამოვედი…” – ზუგდიდში “კუნთმაგარი ბიჭები” გამოჩნდნენ