უცხოურ ავიაკომპანიებს საქართველოში არსებული ლიბერალური რეგულაციები იზიდავს

საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე მონრეალს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტთან ოლუმუივა ბენარდ ალიუსთან და გენერალურ მდივანთან ფანგ ლიუსთან. ამის შესახებ ,,თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ელჩმა შეხვედრებზე მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და ყურადღება გაამახვილა საავიაციო სფეროზე. მან აღნიშნა, რომ ამ სფეროში რეფორმები მოიცავს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, ასევე, აეროპორტების, საფრენი აპარატების, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების მდგრადი სისტემის შექმნას.

ელჩმა აღნიშნა რომ საქართველო ყალიბდება ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ჰაბად რეგიონში, მათ შორის, საჰაერო გადაზიდვების და მომსახურების სფეროში.

შეხვედრებზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე იზრდება უცხოური ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთაც იზიდავს ლიბერალური, გამარტივებული რეგულაციები და არაკორუმპირებული გარემო.

ICAO-ს ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული უკანონო ფრენები რაც არა მარტო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, დიდ საფრთხეს წარმოადგენს საავიაციო უსაფრთხოების კუთხითაც.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის მაისში ICAO-ს პრეზიდენტის თბილისში განხორციელებულ ვიზიტის მნიშვნელობას და გენერალური მდივანი საქართველოში მიიწვია.

თავის მხრივ, ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი ოლუმუივა ბენარდ ალიუ მიესალმა ICAO-ში წარმომადგენლად კონსტანტინე ქავთარაძის დანიშვნას. მან კმაყოფილება გამოხატა იმ პროგრესთან დაკავშირებით, რასაც საქართველომ მიაღწია საავიაციო უსაფრთხოების სისტემის სრულყოფის კუთხით. იგი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზაციული და ფინანსური გაძლიერებისკენ.

ICAO-ს გენერალურმა მდივანმა ფანგ ლიუმ განაცხადა, რომ იგი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ელჩთან საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მან ასევე გამოთქვა ინტერესი ეწვიოს საქართველოს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა
შემდეგი სტატიადღეიდან საქართველოში ძალაში შედის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სტამბოლის კონვენცია