უცხოელმა პარტნიორებმა „ქართულ ოცნებას“ გაკვეთილი ჩაუტარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ელჩების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უცხოელმა პარტნიორებმა „ქართულ ოცნებას“ გაკვეთილი ჩაუტარეს.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა აუხსნეს მმართველ ძალას, რა მნიშვნელობა ჰქონდა 8 მარტის შეთანხმებას ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

„დიდი მადლობა აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის მისიას და ბოდიში, რომ ხელისუფლების მხრიდან ხშირად აყენებენ მათ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში. ვწუხვარ, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლებს დასჭირდათ მთავრობისთვის გაკვეთილის ჩატარება. რაც ჩვენ ვნახეთ, ამ მოკლე ტექსტში კვინტესენციაა, როცა პროფესიონალებს არაპროფესიონალების მიმართ უწევთ აღმზრდელობითი სამუშაოს ჩატარება. უთხრეს, რა არის ფასილიტატორის როლი, აუხსნეს რა მნიშვნელობა ჰქონდა შეთანხმებას მოკავშირეებისა და ჩვენი საზოგადოებისთვის. შემდეგ აუხსნეს საქართველოსთვის რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის იმას, რომ სამართლიანი სისტემით ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ბოლოს აუხსნეს, რომ არაფერი ეს არ იქნება, თუ არ შესრულდება შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც არის პოლიტიკური მიზეზებით და მიზნებით გამოწვეული სასამართლო გადაწყვეტილებების ლიკვიდაცია და მიმდინარე საქმეების შეჩერება. უნდა გვიხაროდეს, რომ ხელისუფლებამ აიძულა ფასილიტატორები აიძულა, გაკვეთილი ჩაეტარებინა, მაგრამ როგორც საქართველოს მოქალაქეს, მწყინს რომ ასეთი არაპროფესიონალი მთავრობა გვყავს”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფასილიტატორების როლი არ გულისხმობს 8 მარტს მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით, განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.

როგორც ელჩები აღნიშნავენ, შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მიმართავს და მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება. თალაკვაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ამ საკითხზე სპეკულაციების დასრულებას.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: 45 წლის გარდაცვლილ ქალბატონს კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა, ის ინსულტით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ფოთში ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც მომავალი წლიდან საზღვაო აკადემია დაიწყებს ფუნქციონირებას