უცხოელი ექსპერტები გელათის ტაძარში არსებულ ხარვეზებს სწავლობენ

გელათის ტაძარში არსებულ ხარვეზებს უცხოელი ექსპერტები შეისწავლიან. სპეციალისტები უკვე ტაძარში იმყოფებიან. ამ დროსთვის სამონასტრო კომპლექსში შესასვლელი მედიისთვის, ასევე სტუმრებისთვის დაკეტილია.

ადგილზე იმყოფება კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე. როგორც მან მედიასთან განაცხადა, ექსპერტები არსებულ მდგომარეობას ეცნობიან, შეისწავლიან, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები. მისივე თქმით, ექსპერტთა ვინაობა მათივე მოთხოვნის გამო არ სახელდება.

“კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგად, პანდემიის პირობებში მოხერხდა უსწრაფეს ვადებში ევროპელი ექსპერტების ჩამოყვანა გელათის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩამოსული არიან ფერწერის ექსპერტები, სახურავის ექსპერტები, ისინი დაწერენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, რა სიტუაციაა, შემდეგ დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, იქ გაკეთდება ყველაფრის ანალიზი და ამის შემდეგ რეკომენდაციებს მოგვცემენ, თუ რა ნაბიჯები გადავდგათ პრობლემების მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს გაკეთდება ქართველ ექსპერტებთან ერთად, მას შემდეგ, როდესაც ჩვენ გვექნება ზუსტი დიაგნოზი თუ რაშია პრობლემა, როდესაც გვენება მათი რეკომენდაციები, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად.

ექსპერტები ადგილზე იმყოფებიან და მუშაობენ. ექსპერტების სურვილი იყო რომ თავიანთი საქმიანობის პირველ ეტაპზე მედიასთან ურთიერთობისგან თავი შეეკავებინათ და ჩვენ ვერ დავაძალებთ მათ ვერაფერს. რაც შეეხება დაკეტვას, თქვენ წარმოგიდგენიათ რა სერიოზულ სამუშაოს ატარებენ ექსპერტები? და თუ დამისახელებთ რომელიმე ქვეყანას მსოფლიოში, სადაც ექსპერტები მუშაობენ და იქ მედია მოძრაობს? მთელ მსოფლიოში ასეთი პრაქტიკაა, რომ ექსპერტებს უნდა ვაცადოთ მუშაობა”-განაცხადა კახა სიხარულიძემ.

როგორც ტაძრის წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე აცხადებს, დროებითი შეზღუდვა უსაფრთხოებას და ექსპერტთა მშვიდ გარემოში მუშაობას უკავშირდება. მისი თქმით, ტაძარში ნამდვილად იყო პრობლემები, თუმცა ამ დროისთვის წყლის ჩასვლა არ ხდება და სამუშაოებიც ტაძრის უსაფრთხოების გამო მიმდინარეობს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს
შემდეგი სტატიახაზარაძე – წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ შეშინებულმა ხელისუფლებამ გაიღვიძა