უჩა ნანუაშვილი: ეს არის სერიოზული დანაშაული

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ვერ აცნობიერებს იმ რეალობას, რაც მოხდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ჟურნალისტი ქალაქის ცენტრიდან იკარგება და ის აღმოჩნდება მეზობელ სახელმწიფოში, ასეთი პრეცედენტი ხდება ათწლეულებში ერთხელ და სამწუხაროდ, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვერ აცნობიერებს იმ სიმძიმეს, იმ მდგომარეობის, რომელიც ამ მიმართებით არსებობს“, – აღნიშნა სახალხ​​ო დამცველმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველომ ამით საერთაშორისო ვალდებულებები არ შეასრულა. უჩა ნანუაშვილი მომხდარის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ითხოვს.

„საუბარი არის სერიოზულ დანაშაულზე, ეს არ არის რაღაც გადაცდომა, ეს არის სერიოზული დანაშაული, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევა და საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რომლის წევრი საქართველოა და ქვეყანამ ამით საკუთარი ვალდებულებები არ შეასრულა, პირიქით და ეს პრობლემაა. მე ვფიქრობ, ალბათ, კარგი იქნება, რომ ყველამ გაიცნობიეროს პასუხისმგებლობა ამ საკითხში და ან მოხდეს კონკრეტულად ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, თუ როგორ მოხდა ის, რომ ქალაქის ცენტრიდან დაიკარგა ადამიანი და აღმოჩნდა მეზობელ სახელმწიფოში, თუ ეს ხდება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ინფორმირებულობის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემაა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაცული არავინაა და მსგავსი ფაქტი, შესაძლოა, კვლავ განმეორდეს“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

​აფგან მუხტარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხტარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე (დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: წინასწარი დასკვნების გაკეთება არის მიუღებელი
შემდეგი სტატია14 მუნიციპალიტეტის რაოდენობის შემცირბა 7-მდე არ ნიშნავს ბიუჯეტის შემცირებას