უჩა ნანუაშვილი – საქალაქო სასამართლოს ვურჩევდი, სახალხო დამცველის შესახებ კანონი წაიკითხოს

სასამართლოს ვურჩევდი, წაიკითხოს კანონი სახალხო დამცველის შესახებ, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქალაქო სასამართლოს განცხადებას, სადაც სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ომბუდსმენის განცხადებებს პოპულისტური უწოდა.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის უფლებაა, სასამართლო პროცესებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბროს.

“საზოგადოება ნათლად ხედავს, თუ რას ეყრდნობა სახალხო დამცველი, როცა გარკვეულ შეფასებას აკეთებს. სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე არის ერთ-ერთი უფლება, რომ სასამართლო პროცესებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბარი სახალხო დამცველს არ ეკრძალება და ეს არ არის სახალხო დამცველის კომპეტენციიდან გამოსვლა, რაზეც მიუთითებს სასამართლო. მათ ვთხოვ, კარგად გაეცნონ “საქართველოს ორგანულ კანონს სახალხო დამცველის შესახებ”.

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, ომბუდსმენის დასკვნა არაა პირველი შემთხვევა, როდესაც უჩა ნანუაშვილი სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება და სუბიექტური მოსაზრებებით და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს.

სასამართლოს შეფასებით, ნანუაშვილის ანგარიშში სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებებია გაკეთებული.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაკომერციულ ბანკებში 1 დოლარის შესაძენად 2.76 ლარზე მეტია საჭირო