უბედური შემთხვევა რუსთავის ციხესთან -ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

რუსთავის ციხესთან აქციის მონაწილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება წერს, რომ “რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ადგილზე განთავსების შესახებ აქციის ორგანიზატორებს არ მიუმართავთ”.

გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული სამწუხარო შემთხვევის შესახებ და ცალსახად განვმარტოთ, რომ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ადგილზე განთავსების შესახებ აქციის ორგანიზატორებს არ მოუმართავთ.

ასევე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის გონების კარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა.

ქალაქ რუსთავის ფილიალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 18:35 საათზე იმყოფებოდა. პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, 18:45 საათზე, ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

ასევე, აქციის მიმდინარეობისას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 2 მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია განახორციელა, ხოლო 7 მოქალაქეს ადგილზე გაუწია სამედიცინო დახმარება.

ამ დროისთვის, მიმდინარე აქციაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ეკიპაჟი იმყოფება, – წერს ჯანდაცვის სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიერ კვების დაწყებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტს
შემდეგი სტატიალაშა ბუღაძე: ასე როგორ შეგაშინათ ამ ერთმა კაცმა?