29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

უამინდობა და ახალი დაავადებები — საქართველოში თაფლის მოსავლის კლებას და ფასების ზრდას ელიან

მეფუტკრეთა გაერთიანების ინფორმაციით, არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, 2026 წელს საქართველოში თაფლის შემცირებული მოსავალია მოსალოდნელი. დაბალმა ტემპერატურამ და წვიმიანმა ამინდებმა მცენარეთა, განსაკუთრებით კი აკაციის ყვავილობის პერიოდი გადაწია, რამაც ნექტრის გამოყოფა და ფუტკრის ოჯახების განვითარება შეაფერხა.

დარგის წარმომადგენელი პაპავა აცხადებს, რომ მოსავლის კლება თაფლის გაძვირებას გამოიწვევს:

„წვიმიანი ამინდების გამო მოხდა სხვადასხვა ყვავილოვანი მცენარეების და განსაკუთრებით აკაციის ყვავილობის პერიოდის გადაწევა. ეს პერიოდი დაემთხვა იმ სეზონს, როცა ფუტკრის ოჯახები განვითარებისკენ უნდა წასულიყვნენ. უამინდობის გამო ვერ განვითარებაც მოხერხდა და ვერც აკაციის თაფლის შემოტანა სკებში. ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს საფუტკრეებში მოსავალი შემცირდება ეს იქნება. შემცირებული სავარაუდოდ ფასებს გაზრდის. ფასის ზრდის მიზეზი ასევე არის გაზრდილი მოთხოვნაც.“

კლიმატური გამოწვევების გარდა, სექტორში ვითარებას ფუტკრისა და წაბლის ხის ახალი დაავადებებიც ართულებს. მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა „საქმიან დილასთან“ საუბრისას აღნიშნა:

„ყველაფერს ემატება ისიც რომ შემოვიდა ფუტკრის ახალი დაავადება ტროპილელაფსოზი და ასევე გავრცელდა წაბლის ახალი დაავადება, რომელიც უშუალოდ აზიანებს წაბლის ხის კვირტებს და შესაბამისად მოსავლიანობაც. წაბლის ხის ხანგრძლივობაც მცირდება და ამდენად ვითარება კრიზისულია. წაბლის დაავადება ყველა რეგიონშია, მთლიანად მოიცვა ქვეყანა.“

დღეისათვის საქართველოში 15 ათასზე მეტი მეფუტკრე საქმიანობს, თუმცა მათი 95% მცირე მეურნეობას ფლობს და მხოლოდ 5%-ია კომერციულად განვითარებული. საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად, ქვეყანაში არსებული 300 ათასი ფუტკრის ოჯახის რაოდენობა 900 ათასამდე უნდა გაიზარდოს.

საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა რეგიონების მიხედვით განსხვავდება: ევროკავშირში უპირატესად აკაციის თაფლია მოთხოვნადი, ხოლო აზიასა და გალფის ქვეყნებში — წაბლისა და სხვა სახეობები. აკაციის თაფლის მოსავლის შემცირების გამო, წელს ევროპაში ექსპორტის კლებაა მოსალოდნელი.

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე 17 ათასი დოლარის ღირებულების 400 კილოგრამი თაფლი გავიდა, ძირითადად — არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჰონკონგში. მაღალი ხარისხის ბიო სერტიფიცირებული ჯარას თაფლის ექსპორტის წყალობით, საექსპორტო საშუალო ფასი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 12 დოლარიდან, 43 დოლარამდე გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ექსპორტის თითქმის მთელი მოცულობა კომპანია „ტფელზე“ მოდის.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ბელარუსიდან ბენზინის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა
შემდეგი სტატიავაზისუბანში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა