გაეროს ექსპერტები შიშობენ, რომ უკრაინის ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევის შემდეგ, მდინარე დნეპრის დინებას შესაძლოა, შავ ზღვაში ჩაეტანა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები.
პოლ ჰესლოპმა, რომელიც უკრაინაში ხელმძღვანელობს გაეროს განაღმვის პროგრამას, 21 ივნისს, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრთხეს წარმოადგენს საბჭოთა წარმოების მსუბუქი ქვეითსაწინააღმდეგი ნაღმები(ПФМ-1), რომლებსაც „პეპელას“ უწოდებენ. პოლიეთილენის გარსის მქონე ნაღმი დაახლოებით 80 გრამს იწონის.
გაეროს ექსპერტის თანახმად, სიმსუბუქის გამო, ამ ტიპის ნაღმები წყალმა შესაძლოა, დიდ მანძილზე წაიღოს განსხვავებით მძიმე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან. ჰესლოპი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს თვეებში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები შავი ზღვის სანაპიროზე აღმოჩნდება.