“უახლოეს პროცესებზე კიდევ ერთხელ გამოვლინდება, რომ ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია”

ირაკლი ალასანია

უახლოეს პროცესებზე კიდევ ერთხელ გამოვლინდება, რომ ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

ალასანია ე.წ. კაბელების საქმის განხილვას ესწრება, სადაც ბრალდების მხარის ოთხი მოწმე უნდა დაიკითხოს თავდაცვის სამინისტროდან. ალასანიას თქმით, დოკუმენტი, რომელიც წინა პროცესზე საქმეს დაერთო მნიშვნელოვანი დოკუმენტია.

“ეს დოკუმენტი ამტკიცებს, რომ ის ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია “დელტა კომი” და რომლის ტყუილებზეც აგებულია ბრალდება, აცხადებს, რომ მას მომსახურებისთვის ბევრად მეტი თანხები უნდოდა მიეღო თავდაცვის სამინისტროსგან, ვიდრე გაფორმებული კონტრაქტით “სილქნეტს”. სიმართლე და ჭეშმარიტება რომ აინტერესებდეს პროკურატუარს, გამოითხოვდა შს სამინისტროდან იმ დოკუმენტს და კონტრაქტს, რომლითაც შეიტყობდა თუ რა რაოდენობის თანხებს იღებს “დელტა კომი” შსს-დან მომსახურებისთვის”, – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, შსს-დან მომსახურებისთვის “დელტა კომისთვის” გადახდილი თანხები წარმოადგენს ასეულობით ათას ლარს და საბოლოოდ, მილიონებზეა საუბარი.

“თუმცა პრობლემა ის არის, რომ ჭეშმარიტების დადგენა არ სურთ. უახლოეს პროცესებზე გამოვლინდება, რომ ბრალდება ტყუილზეა აგებული და პოლიტიკურად მოტივირებულია”, – განაცხადა ალასანიამ.

იგი გამოეხმაურა პროკურორის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დოკუმენტი, რომელიც წინა პროცესზე საქმეს დაერთო შემხებლობაში არ არის საქმესთან.

“როცა ერთ ტყუილს იტყვი, მოყვება სხვა ტყუილები, რათა გაამართლო შენი ნათქვამი ტყუილი. საქმე კარგად მიჰყავთ ადვოკატებს და დადასტურდება, რომ “დელტა კომი” ძალიან დიდ, კოლოსალურ თანხებს იღებს შსს-გან, როცა საპირისპიროს ამტკიცებს პროკურატურა სასამართლოში”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში“კალაძეს არა მარტო თანამდებობას დაატოვებინებენ… არ გამოვრიცხავ, რომ მოკლან”
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ყველა ტექნიკა, რაიონული გამგეობები მობილიზებულია იმისათვის, რომ დაეხმარონ შესაბამის სამსახურებს