ტვ პირველის დამფუძნებლის მამას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინეს

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. უწყებაში ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით,” – თქვეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

ავთანდილ წერეთელი ტვ პირველის დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამაა.

ამავე საქმეზე ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოს მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს.

ვატო წერეთლის თმით, TV პირველთან დაკავშირებით იყო კონკრეტული შემოტევები და ამიტომ ტელევიზია არის და კვლავ დარჩება დამოუკიდებელი, ყოველგვარი გავლენის მიღმა, – “ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები”

“ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე, სისხლის სამართლის საქმის აღძრა და ამით, ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას”- თქვა დაკითხვის შემდეგ ვატო წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთლი ერთერთი მთავარი ფიგურაა ამ ტრანზაქციებში. ამ საქმეზე საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში დამსვენებელს კარავი, ბარგი და ფული მოპარეს
შემდეგი სტატიაHuman Rights Watch – საქართველოში მშრომელთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა