10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთში საქართველოს მარკეტინგზე $1 მილიონს დახარჯავს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთის ბაზარზე ქვეყნის პოპულარიზაციისთვის დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მარკეტინგული კამპანიის განხორციელებას გეგმავს.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კამპანია მიზნად ისახავს ინდოეთში საქართველოს ტურისტული პოტენციალის აქტიურ და ეფექტურ პოზიციონირებას. ამისთვის დაგეგმილია ინტეგრირებული მარკეტინგული აქტივობების განხორციელება საერთაშორისო წარმომადგენლობითი კომპანიის მეშვეობით. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 965,828.82 დოლარია (დღგ-ის ჩათვლით).

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ციფრული მარკეტინგის კამპანიები, მათ შორის საქართველოს შესახებ სარეკლამო მასალების განთავსება საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე, ვიდეოკონტენტის გავრცელება სოციალურ ქსელებში, ასევე თანამშრომლობა საერთაშორისო მედია და გამომცემლობებთან. გარდა ამისა, კამპანია მოიცავს ინდოეთის რამდენიმე ქალაქში საქმიანი შეხვედრებისა და ე.წ. როუდშოუების ჩატარებას, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ვებინარებსა და სამუშაო შეხვედრებს, ასევე საქართველოს შესახებ გაცნობითი ტურების ორგანიზებას.

ადმინისტრაციის განმარტებით, ინდოეთი სწრაფად მზარდ და სტრატეგიულ ტურისტულ ბაზრად განიხილება, რის გამოც ქვეყნის ცნობადობის ზრდისთვის მიზნობრივი კამპანიის განხორციელება მნიშვნელოვანია.

პროექტის განხორციელება 2026 წლის მარტიდან 2027 წლის დეკემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი. აღნიშნული მომსახურების შესყიდვა ადმინისტრაცია გამარტივებული წესით გეგმავს, რაც უწყების განმარტებით, მომსახურების სპეციფიკასა და კამპანიის დროულად დაწყების აუცილებლობას უკავშირდება.

დაგეგმილი ბიუჯეტიდან 2026 წლისთვის დაახლოებით 459.8 ათასი დოლარია გათვალისწინებული, ხოლო 2027 წლისთვის — დაახლოებით 506 ათასი დოლარი. სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს ინდოეთიდან საქართველოს 142,476 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 14.6%-ით უფრო მეტი იყო, ვიდრე 2024-ში.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კვირაში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა გადაიდო
შემდეგი სტატია„სიენენი“ – ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი, 1000-ზე მეტი კი დაშავდა