აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური (USCIS) ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ქვეყანაში „მწვანე ბარათის“ გაცემის წესი რადიკალურად შეიცვალა.
სააგენტოს განმარტებით, რეფორმა მიზნად ისახავს უწყების რესურსების გამოთავისუფლებას და არალეგალური მიგრაციის პრევენციას:
„დროებითი ვიზის მქონე პირები, როგორიცაა სტუდენტები, დროებითი მუშები ან ტურისტები, აშშ-ში მოკლე ვადით და კონკრეტული მიზნით ჩამოდიან. ჩვენი სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ მათ ქვეყანა ვიზიტის დასრულების შემდეგ დატოვონ. მათი ვიზიტი „მწვანე ბარათის“ მიღების პროცესში პირველი ნაბიჯის ფუნქციას არ უნდა ასრულებდეს“.
უწყებაში აცხადებენ, რომ როდესაც უცხოელები განაცხადს საკუთარი ქვეყნებიდან აკეთებენ, ეს მკვეთრად ამცირებს იმ პირთა რაოდენობას, რომლებიც ბინადრობის ნებართვაზე უარის მიღების შემდეგ აშშ-ში მიმალვას ან არალეგალურად დარჩენას ირჩევენ.
ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, აშშ-ის საიმიგრაციო სამსახური იმედოვნებს, რომ ვიზებთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე საქმეების განხილვა ბევრად უფრო სწრაფად მოხდება.
















