ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამას ბინაზე მომსახურება დაემატა

ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, გაფართოვდა – ამბულატორიული მომსახურების მოცულობას ექიმისა და, საჭიროებისამებრ, ლაბორატორიის ექთნის ბინაზე ვიზიტი დაემატა, რაც ხელს შეუწყობს პაციენტებისთვის ტუბერკულოზის ხარისხიანი და უსაფრთხო მკურნალობის სრული სერვისის უფასოდ მიწოდებას. ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი განმარტებით, სიახლე საშუალებას იძლევა, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, (მაგ: კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მაქსიმალური პრევენცია; ძირითადი ან თანმხლები დაავადების არსებობა, რომელიც ზღუდავს პაციენტის მობილობას და ა.შ.), პაციენტს ექიმის კონსულტაცია ბინაზე ჩაუტარდეს, ასევე, ლაბორატორიის ექთნის მიერ კლინიკო-ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო ბიოლოგიური მასალა ბინაზე იქნას აღებული.

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და თანაგადახდას არ ითვალისწინებს.

ტუბერკულოზით მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 8-9 მილიონი ადამიანი ავადდება.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტუბერკულოზის მართვის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 12 157 000 ლარით განისაზღვრა (ამბულატორიული მომსახურება – 2 357 000 ლარი; სტაციონარული – 9 800 000 ლარი).

სააგენტოს ინფორმაციით, აღინიშნება ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული კომპონენტების ფარგლებში მოსარგებლეთა რიცხვის კლებადი დინამიკა, რაც პროგრამის შედეგიანი მუშაობის მკაფიო ინდიკატორია.

ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული და სტაციონარული კომპონენტების ადმინისტრირებას სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

2020 წელს, ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში, მომსახურება 20 116 ბენეფიციარმა მიიღო; სტაციონარში – 1 519 ბენეფიციარმა, მათ შორის, ქირურგიული შემთხვევა-158. დღეს 2 400 ადამიანი მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშიკრამერი – გადაუდებელი საკითხი კომპრომისისთვის მელიას გათავისუფლება უნდა იყოს
შემდეგი სტატიათამარ ჩხეიძე წულაიაზე – რახან ქალი გამოიყენეს იარაღად, უკვე ცუდი ტონია მისი დაცვა?!