წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქციები გამკაცრდა

დღეს, 29 აპრილს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ცვლილებებს მხარი 72-მა დეპუტატმა დაუჭირა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.

ამავე პროექტით, ახალი რედაქციით კი ყალიბდება:

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა – სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით“.

banner
წინა სტატიაშილილუაშვილი: ცხინვალის ე.წ. მთავრობას, მოსახლეობის დიდ ნაწილსაც არ აქვთ პრეტენზია, რომ შესაძლოა, რუსეთის ნაწილი გახდნენ
შემდეგი სტატიაფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სპორტული შლემების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა