წუთისოფელი ასეა დღესაც

11227877_951264931563526_4590534685790856564_n30 წლის წინ, 1985 წლის 24 მაისს, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში პრემიერა გაიმართა. “წუთისოფელი ასეა” – ასე ერქვა სპექტაკლს. ეს იყო ქართული ხალხური ლექსით მოთხრობილი ამბავი ერთ ნაწილად.
კომპოზიციის ავტორი ნუგზარ ლორთქიფანიძე
დამდგმელი რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე
დამდგმელი მხატვარი კახა ქორიძე
კომპოზიტორები: ლელა თათარაიძე, მაკა აროშიძე
მონაწილეობენ: მზია არაბული, რუსუდან ბოლქვაძე; ნინო ბურდული; ცინო გვაზავა; ნოდარ დუგლაძე; დავით (II) ერისთავი; რამაზ იოსელიანი; ნანა ლორთქიფანიძე; პაატა მოისწრაფიშვილი; გიორგი (გოგა) პიპინაშვილი; ლაურა რეხვიაშვილი; ლევან უჩანეიშვილი; ეთევან ფეიქრიშვილი; ამირან შარმანაშვილი, ნინა ჩხეიძე; ნინელი ჭანკვეტაძე; დარეჯან ჯოჯუა; მიხეილ (უმცროსი) ჯოჯუა.
ადამიანი განვითარების შეძრული სულიაო, _ ამბობდა მერაბ მამარდაშვილი. ცხოვრება თავისი პარადოქსით უფრო და უფრო საინტერესო, თუმცა მოსაბეზრებელი ხდება. დროს მოაქვს თავისი ესთეტიკა, იცვლება ვექტორები, აქცენტები, მაგრამ ჩვენს ხსოვნაში არის რაღაც ხელუხლებელი, უკვე საკრალურად ქცეული, მარადიულთან, ღირებულთან ესოდენ წილნაყარი, რომელიც თან გვდევს როგორც სუნთქვა, როგორც გულის ძგერა, როგორც თუნდაც მარადიული მონატრება.
კაცმა რომ თქვას, თუ მიცხოვრია, მხოლოდ ხელოვნების სიყვარულით, მასზე ფიქრით, განცდით, მისით და მასში. ბევრი ცუდი მინახავს და ცოტა _ კარგიც. სანახაობა მაინც სანახაობადვე დარჩა და მათ შორის უპირველესია ის სპექტკალი, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება, რომელმაც ამოაყირავა 15 წლის ბიჭის შინაგანი სამყარო და რაღაც გაუცნობიერებელი მოულოდნელობის წინაშე დააყენა. თეატრი ამ სპექტაკლამდე და შემდეგაც ჩემი ცხოვრების რომანტიკა იყო, მაგრამ ნუგზარ ლორთქიფანიძის წარმოდგენამ ერთთვიან შოკში ჩამაგდო. არც მანამდე და არც შემდეგ მსგავსი რამ არ შემმთხვევია.

11012809_951264214896931_2637363984071966714_n
ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში საგასტროლოდ ჩამოსულმა მაშინ კინომსახიობთა, დღეს უკვე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა 1986 წლის 23 თებერვალს, კვირას, დილის წარმოდგენაზე `წუთისოფელი ასეა~ უჩვენა მაყურებელს. გადაჭედილ თეატრის IV რიგში ვიჯექი, ადგილი 11 (ბილეთი დღემდე მაქვს შენახული) და ჩემს თვალწინ დაიბადა სასწაული _ თეატრალური დღესასწაული. ეს იყო ისეთი სტრესი, ისეთი სულიერი რყევა, რომ ამის შემდეგ შემეცვალა ცხოვრების წესი _ ვიძინებდი და ვიღვიძებდი ამ სპექტაკლის შთაგონების ქვეშ. ვსაუბრობდი მხოლოდ ლევან უჩანეიშვილზე, მენატრებოდა მხოლოდ `წუთისოფელი ასეა~, ჩამესმოდა ინტონაციები ამ სპექტაკლიდან. ერთი სიტყვით, ილიას თქმისა არ იყოს, გამიკრთა ძილი და შვება. გავიდა დრო და რამდენჯერმე კიდევ ვნახე ეს წარმოდგენა. თუ პირველად ლევან უჩანეიშვილით ვიყავი შეპყრობილი, მერე მზია არაბულმა დამიკარგა მოსვენება. ძალიან დიდი დრო დამჭირდა, თავი დამეღწია სპექტაკლის ტყვეობიდან და დღესაც არ ვიცი, ბოლომდე შევძელი თუ არა ეს! ახლა ემოციებს თავი რომ დავანებოთ, რეალურად და ობიექტურად შევაფასოთ ის, რაც 1985 წელს ამ სპექტაკლით შემოგვთავაზა კინომსახიობთა თეატრმა.
სრულიად გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ნუგზარ ლორთქიფანიძის კომპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს სასკოლო სახელმძღვანელოში როგორც ფოლკლორის ნიმუში, როგორც ქართული ხალხური (ძირითადად, ფშავ-ხევსურული) ლექსით გაცოცხლებული ჩვენი ყოფიერება, ადამიანის ცხოვრება, ანუ ყველაფერი ის, რაც ჩაეტევა პერიოდში დაბადებიდან-გარდაცვალებამდე. რას აღარ შეხვდებით ამ კომპოზიციაში?! დრამატურგიული სტრუქტურა ისეთი ექსპრესიითა და მიზანმიმართულად ლოგიკური სტრუქტურითაა წარმოდგენილი, რომ ყოველი დეტალი, ყველა ნიუანსი იქცევა ემოციურ სინამდვილედ. ბევრნაირად შეიძლება მოვიაზროთ ამ კომპოზიციის სიუჟეტი, მათ შორის, როგორც
`ხალხური სიბრძნით შთაგონებული~ (ლია გაბრიაძე);
`ცხოვრებაზე მეტი, ოდნავ მეტი, რითაც ჩვეულებრივი იქცევა არაჩვეულებრივად, წარმავლობა _ მარადისობად, ყოფაცხოვრება _ პოეზიად~ (გია ხუხაშვილი);
`მონოლოგ-ინტროდუქცია ადამიანთა ბედზე, სიცოცხლისა და სიკვდილის ერთიანობაზე~ (მაია კობახიძე);
`სიყვარულის ანატომია… უიმედობიდან ბედნიერებამდე, უკიდეგანო სიხარულამდე~ (ნ.შალუტაშვილი);
`ქართველი კაცის ცხოვრების იგავი~ (მიხეილ ქვლივიძე);
`სამყაროს მარადიული ცვალებადობის არსი, მისი ციკლური მოძრაობის მხატვრული სახე~ (ნოდარ გურაბანიძე)…
და ასე დაუსრულებლივ, რამდენი მაყურებელიც ნახავდა, იმდენივე აზრითა და განცდით. ამიტომ მგონია, რომ სტრუქტურულად, კონცეპტუალურად და კომპოზიციურად ასე შეკრული, მარგალიტის მძივებით ასხმული ხალხური პოეზია, კონკრეტულ სიუჟეტურ ქარგაზე გაწყობილი, უფრო საინტერესო და სახალისოც იქნება მომავალი თაობისათვის. ამის გარდა, იგი თვალნათლივ დაინახავს ქართული ფოლკლორის თვალშეუდგამ ბრწყინვალებასა და სიღრმეს. ხალხური პოეზია, ჩვენი ზეპირსიტყვიერება, როგორც ქართული გენისა და სულის გამოვლენა ამ სახითა და ასპექტით უფრო საცნაური გახდება პრაგმატული თანამედროვეობისათვის.

1908149_951264218230264_803038396825380116_n
ყოველ შემოქმედს (არამხოლოდ!) აქვს ერთი გამორჩეული ქმნილება, რომელშიც სრულად და ნათლად იკვეთება მისი აზროვნების მასშტაბიცა და ესთეტიკური თავისებურებაც. არც მანამდე და არც შემდეგ ნუგზარ ლორთქიფანიძეს ასეთი მხატვრული დონისთვის არ მიუღწევია. ეს იყო საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლი არამხოლოდ მის შემოქმედებითს ბიოგრაფიაში.
ქართული ხალხური პოეზია, ჩვენი ხელთუქმნელი განძი და სიწმინდე, მანამდე სასცენო ხელოვნების ესთეტიკისათვის არავის მოურგია. ერთხელ იყო მცდელობა, ხალხური თეატრის შექმნაც კი მოიფიქრეს, მაგრამ ყველაფერი `თავფარავნელი ჭაბუკის~ დადგმით დაიწყო და დამთავრდა.
რამ დაბადა ეს აზრი, საიდან გაჩნდა სურვილი ქართული ხალხური პოეზიის სცენაზე გადატანისა?! _ ვინ იცის! ასეთი გადაწყვეტილება ერთ დღეს არ მიიღება. ნუგზარ ლორთქიფანიძე რომანტიკული ხედვის რეჟისორია, ქართულ ფესვებზე ამოზრდილი, და, როგორც ჩანს, მის სულში თანდათან ღვივდებოდა ინტერესი და სიყვარული ხალხური შემოქმედების მიმართ და ასეთი ლოგიკურ კულმინაციამდე მივიდა. სპექტაკლის ამაღლებულ ესთეტიკას არაჩვეულებრივად ერწყმოდა ბახისა და პერგოლეზის მუსიკა და, რაც მთავარია, ლელა თათარაიძის შთამბეჭდავი მუსიკალური გაფორმება იკითხებოდა იმ საოცარი მელოდიებისა და ჰარმონიების კასკადში, ცოცხლად და ასე ოსტატურად რომ ასრულებდნენ სპექტაკლის მონაწილე მსახიობები. მთლიანობაში წარმოდგენის მუსიკალური ქარგა დამოუკიდებელი მხატვრული ფენომენიც იყო. სიტყვასთან და სიცოცხლესთან ჭიდილში მუსიკა ქმნიდა პლასტიკურ მეტამორფოზებს, _ ეს იყო საწყისი ემოციური იმპულსიც, უწყვეტი სუნთქვაც, რომელიც სპექტაკლის რიტმულ-დინამიკურ ნახაზს განსაზღვრავდა.
რა არის ღირებული ამ წუთისოფელში? _ პასუხი მრავალგვარი შეიძლება იყოს, თუმცა არსებითია ის, რაც ყოფიერების სიმყარეს განაპირობებს. ამის კვალობაზე უფრო მაღალი ფასეულობა და ღირებულება, ვიდრე ქართული ხალხური ლექსი და მუსიკაა, ჩვენ არ მოგვეძევება. აი, რა ქმნიდა ნუგზარ ლორთქიფანიძის სპრექტაკლის ფარულ ქვეტექსტს! `წუთისოფელი ასეა~ ამ 30-წლიანი გადასახედიდანაც კი იკითხება, როგორც საკუთარი არსებობის, საკუთარი ექსისტენციის ხილული სასწაული. წარმოდგენაში ქართული სული მეტყველებდა პოეზიის ენით, ოღონდ ყველაფერი აქცენტირებული და კონცენტრირებული იყო ერთ რიტმულ-დინამიკურ პლასტიკურ ნახაზზე, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევდა და ნებისმიერი ფილოსოფიური კატეგორია, როგორც მხატვრულ-ესთეტიკური კრეაციის ფორმა, შეუმეცნებელი თუ გაცნობიერებული არსის გაცოცხლებული ყოფიერების ცხოველ ნაკადებში ჩართულ პოეტურ `უბრალოებად~ წარმოგვიდგებოდა.
სცენური სიმართლე, მაქსიმალური გულწრფელობა (ზოგჯერ გულუბრყვილობაც) ყოველი მოქმედი პერსონაჟის მაორიენტირებელი მთავარი ამოცანა იყო. ლევ ტოლსტოის სიტყვებით თუ ვიტყვით, იბადებოდა `სიმართლის ერთობლივი განცდა~ _ ოღონდ, ეს განცდა აშკარად პოეტური იყო, იმდენად ამაღლებული, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ექსისტენციალური ურთულესი კატეგორია სანახაობად გადაქცეულიყო _ ეს იყო ცოცხალი ქმედების ამაღელვებელი ატმოსფერო. მაყურებელს (და, მათ შორის, მეც) უჩნდებოდა განცდა, რომ თავად მონაწილეობდა იმ ხდომილებაში, რომელიც მის თვალწინ თამაშდებოდა. ამიტომ დაიბადა წარმოდგენის დროს თანაგანცდა _ ამ სრული ჰარმონიით შევყავდით ნუგზარ ლორთქიფანიძეს საოცრებათა სამყაროში.
ერთდროულად, სპექტაკლი იყო არქაულიც და თანამედროვეც, რიტუალურიც და ძალზე ყოფითიც. რატომ? _ ჩვენი აზრით, ამ განცდას განაპირობებდა ის, რაც ერთად გვიპყრობდა დარბაზს, _ მოვარდნილი მეწყერივით, გნებავთ, აბობოქრებული ტალღებივით აზვირთებული _ თამაშის სტიქია! მიუხედავად იმისა, რომ ლექსად დაწერილ პიესაში თამაშობდნენ, მსახიობთა მეტყველება აღიქმებოდა ბუნებრივად, რადგან მათ ესმოდათ ხალხური ლექსის არსი და სცენური მოქმედების ადეკვატური (პოეტური) წყობა. ყველაფერი უნდა გაცოცხლებულიყო, ისინი ანსამბლურობის სრული შეგრძნებით თამაშობდნენ ყოფიერების თეატრში და ერთდროულად აღძრავდნენ რეცეფციის ცნებისმიერ და ხატისმიერ ფორმებს. სპექტაკლში იბადებოდა ესთეტიკურის ორივე კატეგორია: მშვენიერიც და ამაღლებულიც! წარმოდგენის სასიცოცხლო დრო იყო შთაგონების მომნიჭებელი. განწყობილებათა მრავალპლანიანობით სუნთქავდა ყველაფერი, გვეცხადებოდა ესთეტიკურად დახვეწილი და ცოცხალი სინამდვილე. ამიტომაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიღწეული იყო წარსულის, აწმყოსა და მომავლის კონტინუალური ურთიერთმიმართება. ასეთ შემთხვევაში მაყურებელს არ უძნელდება საკუთარი ადგილი იპოვოს ხდომილებათა ამ გამაში.
ნუგზარ ლორთქიფანიძემ, მთელ ჯგუფთან ერთად, გამოავლინა ყველაზე იშვიათი და, ალბათ, ყველაზე მთავარიც _ ორიგინალური მხატვრული აზროვნება, მოვლენის არსში წვდომა და ცხოვრების, სიცოცხლის რიტმის გრძნობა.

11330036_951264211563598_1029902600072373786_n
ამ სპექტაკლის პრემიერიდან 30 წელი გავიდა. დღეს უფრო უჭირს ქართველ მაყურებელს. თითქმის აღარ არსებობს მყარი ორიენტირები მსოფლმხედველობრივ-ესთეტიკურ შეხედულებებში გასარკვევად. ნუგზარ ლორთქიფანიძის სპექტაკლის ერთი მთავარი გზავნილი სიყვარულის (ქალ-ვაჟს შორის ტრფობის) უძლეველობაცაა. შესაძლოა ვცდები, მაგრამ მგონია, რომ წარმოდგენაში მსახიობები არ მოქმედებდნენ თეატრალური ფსიქოლოგიზმის კანონებით. როგორც თავის დროზე გურამ რჩეულიშვილი წერდა, `ხელოვნებას მხოლოდ გულწრფელობის სწამს~. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებდა, მაგალითად, მზეხასა და ვაჟიკას ქცევის მოტივაციას. მოულოდნელად ეწვიათ მათ სიყვარული, მიჯნურობა დაიბადა ბევრი ფიქრისა და ფილოსოფიის გარეშე, დაიბადა ბუნებრივად. ოღონდ, სიყვარულით აფეთქება ჩუმი იყო, სტაბილური შინაგანი რიტმით გაზავებული. მერე მოჰყვა ამას გახელება, თავდავიწყება, მღელვარება, მთელი დავიდარაბა. ნუგზარ ლორთქიფანიძე ყველანაირად ცდილობდა ეჩვენებინა ჩვენთვის `სურვილთა დიადობანი~. ამიტომ იძენდა ვიზუალურობა კონცეპტუალურ მნიშვნელობას. თავად გმირთა პლასტიკური მონახაზი, თუნდაც არაპირდაპირი მეტყველების სახეები _ ქმედება, ქცევა, ჟესტი, მიმიკა ქმნიდა სცენურ ხატს, _ ადგილისა და დროის ხსოვნის ნიშანს.
კინომსახიობთა თეატრის ამ სპექტაკლმა ერთი თეორიული ტრაქტატის სიმართლეც დაადასტურა. ცნობილი თეატრმცოდნე დიმიტრი ჯანელიძე დიდი გატაცებით ასაბუთებდა დრამატული ელემენტების არსებობას ხალხურ რიტუალში, პოემაში, ბალადასა თუ ლექსში. ნუგზარ ლორთქიფანიძემ თამამად დაგვიმტკიცა, რომ `თეატრალური საწყისი იქაც ბუდობს, რაც დრამის ანტიპოდად ითვლება _ პროზასა და პოეზიაში~ (მაია კობახიძე).
თავბრუდამხვევი იყო მთელი ის მოტივები, გასაოცარი ექსპრესიულობით რომ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ვიდრე ვაჟიკა და მზეხა ერთმანეთის გახდებოდნენ, მანამდე ცეცხლი ტრიალებდა მათს გულში, მერე კი ერთბაშად დაღვინდნენ, ცხოვრების უღლის სიმძიმეც იგრძნეს. მთელი ეს ისტორია კარგად ეხმიანება გოეთეს ნათქვმს: მოუსვენრობა და უძილო ღამეები თან სდევს სიყვარულს მაშინ, როცა ობიექტი მიუწვდომელია. ხოლო, როცა შენი გახდება, მერე ყველაფერი ფერსა და ფორმას იცვლის. სპექტაკლის მიხედვით, მკვეთრი მონაცვლეობა სიყვარულისა და გაშმაგებისა, სიჭაბუკისა თუ სიჭარმაგისა, სევდისა და სიხარულისა, სიკვდილისა და სიცოცხლისა წუთისოფლის კოდის განუყრელ სტრუქტურაში ბუნებრივად ჩაეწერა. ნ. ლორთქიფანიძისეულ კომპოზიციაში ერთმანეთში იყო ჩაწნული საწესო და საყოფაცხოვრებო, წარმართული და ქრისტიანული, ტრადიციული და ცხოვრებისეული. აქ ხალხურ ლექსად იღვრებოდა ქართული სული, რომელიც ხან თავდავიწყებულ სიყვარულში, ხან რიტუალში, ხანაც _ სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილში აირეკლებოდა. მაგრამ, მთელი ეს პოეტური აზროვნება, მისთვის დამახასიათებელი მკაცრად რეგლამენტირებული ფორმით, ჩვენი ინდივიდუალიზმის გამოვლენაც იყო, ერთდროულად _ კონკრეტულიც და ზოგადიც. ის ერთი დიდი მთლიანის ნაწილს წარმოადგენდა, ამიტომ იქცა დიადი ჰარმონიის გამომხატველად.
მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია ისიც, რომ, ფაქტობრივად, დატირებით იწყებოდა `წუთისოფელი ასეა~. ამ პოეტურ რიტუალში ძალიან კარგად ჩანდა თეატრალიზებული ელემენტი. როგორც თეატრის ისტორიიდანაა ცნობილი, სულისშემძვრელად შთამბეჭდავი ყოფილა სანდრო ახმეტელის მიერ სპექტაკლ `თეთნულდში~ ჩადგმული ე.წ. `ბაპების სცენა~, სადაც დატირების წარმართული ფორმა იყო თეატრალიზებული. ნუგზარ ლორთქიფანიძის სპექტაკლის დასაწყისშივე ჩასმული გლოვის ეპიზოდი, აგებული მოლექსისა და მოტირალის დიალოგზე, ზოგის აზრით, ბუტაფორიული და ილუსტრირებული იყო, ზოგადი და აბსოლუტურად მოკლებული რაიმე კონკრეტულობას `როგორც ყალბი განცდით, არსით, ემოციით, გრძნობათა ბუნებასთან დაუკავშირებლად გათამაშებული~ (ნოდარ გურაბანიძე).
ალბათ, არის ამ პოზიციაში სიმართლე, მაგრამ, მაინც გვგონია, რომ ნუგზარ ლორთქიფანიძემ საგანგებოდ ყველაფერი დაიწყო არა კულმინაციით, არამედ _ დასასრულით. რეჟისორის კონცეპტუალური მიდგომა ამ მიზანსცენისა იკითხება ისე, თითქოს შეგნებულად გვახსენებდეს ცხოვრების ორგემაგობის პრინციპს _ წუთისოფელში ერთმანეთთან დაპირისპირებულობის გარდაუვალობას _ სიკეთე და ბოროტება, სიკვდილი და სიცოცხლე… როგორც გვერდიგვერდ მდგომი კი არა, არამედ ისეთი კატეგორიები, ობიექტური აუცილებლობით რომ მოითხოვენ ერთმანეთს. ამასთანავე, ეს მიზანსცენა, შესაძლოა გავიაზროთ, როგორც `რწმენის სიმაღლეზე ატანილი წარმავლობის პირისპირ მარადისობის მიგნება~ (გ. ხუხაშვილი). რა თქმა უნდა, აქ ყოფიერების უნივერსალური მეტაფიზიკური ერთიანობაც გამოსჭვიჭის. თუ ზედმეტად შორს წასვლაში არ ჩაგვეთვლება, შესაძლოა დავუშვათ, რომ რეჟისორმა ამ სცენით შემოქმედებად აქცია სიკვდილი და ტანჯვა. როცა ასეთი რაკურსით დავინახავთ, მაშინ ეს იქნება ნუგზარ ლორთქიფანიძის გამჭვირვალე მხატვრული ჩანაფიქრის სცენური ხორცშესხმა. სხვა საქმეა, როგორ გაართვეს თავი ამ სცენურ სივრცეში გაშლილ მიზანსცენის ნაკადს მსახიობებმა, ასცდნენ თუ არა ყალბ პათეტიკასა და ილუსტრაციულობას!
უპირველესი, ხელშესახები, სცენური რამ, სპექტაკლის ნახვისას რომ გრჩებოდა, იყო განცდა, წრფელი განცდა, რომელიც არ ტოვებდა არც ერთ მსახიობს სცენაზე და, რომელიც, ასევე, თავბრუდამხვევად გადაეცემოდა მაყურებელს. ამ ასპექტში მნიშვნელობდა ის თეორია, თავის დროზე გიორგი ტოვსტონოგოვმა რომ გაგვანდო: განცდის უპირველესი კანონი, ცხოვრება ავტორისეულ ვითარებაში, იქცევა ისე, როგორც დამახასიათებელია არა პირადად მსახიობისათვის, არამედ _ პერსონაჟისათვის. ზუსტად ასე იყო წარმოდგენაში. მსახიობები განციდიდნენ, იწვოდნენ, უმთავრესად, პერსონაჟის გრძნობით. თავიანთ ემოციებს კი არ ახვევდნენ თავს, გარედან კი არ `შედიოდნენ~ გმირთა ხასიათში, არამედ შიგნიდან ცდილობდნენ მათი ფსიქო-ემოციური სამყაროს გაცოცხლებას. ასე იქმნებოდა, ასე თამაშდებოდა ცოცხალი მოქმედების ამაღელვებელი ატმოსფერო, აქტიური, უაღრესად დინამიკური მხატვრული რეალობა. ეს იყო ადეკვატური, რელევანტური განცდა სპექტაკლის ზოგადი მხატვრული ფორმის ფარგლებში. მხატვრული მასალისადმი ასეთმა მიდგომამ დაბადა ბუნებრივი და, შესაბამისად, ჰარმონიული ცვალებადობა მსახიობთა აზროვნებაში, მათს დამოკიდებულებაში საგნისა და მოვლენის მიმართ. ამიტომ, ერთ დროს ცეცხლოვანი და ვნებიანი ვაჟიკა და მზეხა დინჯ და ჩაფიქრებულ პერსონაჟებად გადაიქცნენ. განზოგადებულად თუ ვიტყვით, ეს იყო ისტორიისა (წარსულის) და თანამედროვეობის დიალოგი სპექტაკლში. ნუგზარ ლორთქიფანიძემ შეძლო ეჩვენებინა არა ცხოვრების აბსურდულობა, არამედ წუთისოფლის გარდაუვალი კანონზომიერება, სიკვდილ-სიცოცხლის დღესასწაული, წარმავლობისა და წარუვალობის მთლიანობა.

11012809_951264214896931_2637363984071966714_n
მას შემდეგ 30 წელი გავიდა, მაგრამ დღევანდელი ჩემი გაოცება ამ სპექტაკლით, მართალია, უკვე სხვა ეპოქის მაყურებლის მღელვარებაა, მაგრამ დრომ ვერაფერი მოუხერხა იმას, რაც ერთხელ ასე ცხოვლად დააჩნდა სულს.
ნუგზარ ლორთქიფანიძის `წუთისოფელი ასეა~ იყო დღესასწაული ან მასზე უფრო მეტი. ამ სასწაულს სცენაზე ქმნიდნენ მზია არაბული და ლევან უჩანეიშვილი, სხვებიც, მაგრამ ეს ორი _ განსაკუთრებით. ისინი თამაშობდნენ უმაღლესი ტექნიკური ოსტატობით და, ამასთანავე, _ `შიგნიდან აფეთქებული ინტუიციით~ (გ. ხუხაშვილი).
ლევან უჩანეიშვილის თამაში (თუ ცხოვრება?!) სცენაზე იტევდა ყველაფერს _ დროის მცირე მონაკვეთში გამოვლენილ მთელ ცხოვრებას შინაგანი დაძაბულობით, მკვეთრი ხასიათით, ბრწყინვალედ სახიერი პიროვნული თვისებებით. მისი ოსტატობა (მიუხედავად ასაკისა) სცენური ქმედების ფილიგრანულ დამუშავებასა და გააზრებაში ვლინდებოდა. ამ თამაშში ზუსტად იკვეთებოდა იშვიათი სინთეზი `ფსიქოტექნიკისა~ (კ. სტანისლავსკი) და გარეგანი ტექნიკისა. მსახიობის ხმა, ინტონაცია, პლასტიკური ნახაზი, უშრეტი ტემპერამენტი, ხალხური ლექსის განცდის ხარისხი, მუსიკალობა, ცეკვაში ამეტყველებული სხეულის ენა _ ყველაფერი მისი გმირის პიროვნული თვისებების სრულად გამოვლენას ეწირებოდა. ყოველ მიზანსცენაში იკითხებოდა მიზეზ-შედეგობრივი პროცესი არსის წვდომისა.
მზია არაბული სპექტაკლის სულისა და ფორმის შემკვრელი იყო. მისი უკიდეგანო შინაგანი სულიერი ძალა და ემოცია წარმოდგენაში იმორჩილებდა აბსოლუტურად ყველაფერს. უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ მან გამოავლინა ჟანრის მწვავე შეგრძნების იშვიათი უნარი. მის თამაშში ჩანდა ანსამბლურობის განცდა და ღრმა ინდივიდუალიზმიც. მთის პოეზია, ადათები, რიტუალები… _ მთელი ეს ყოფიერება არ იყო უცხო მ. არაბულისთვის, ამიტომაც გენეტიკამ იმძლავრა, მიწის ყივილმა თავისი აკუსტიკური ბუნება იპოვა და შეიქმნა უაღრესად ეროვნული სახე მზეხასი. მსახიობმა ყველა ფსიქოლოგიური ნიუანსის გათვალისწინებით გათვალა რომანტიკული გმირის ხასიათი და გაითავისა ისე, რომ მისი მზეხა, მისი თვალების სიღრმეც კი მთავარზე მეტყველებდა. თანაც, არაფერი იყო ზედმეტი, გადაჭარბებული, თუნდაც _ უხამსი. მზია არაბულმა ითამაშა, იცხოვრა ხალხური ლექსისთვის დამახასიათებელი უბრალოებითა და დიდებულებით. სცენაზე გაცოცხლებული ნამდვილი (უმაღლესი) პოეზია ბუნებრივად ითხოვდა გულწრფელ განცდას და ამ მხრივ მას ბადალი არ მოეძებნებოდა სპექტაკლში. `გზის თავზე შეგიფრინდები / უკან გავიყრი თმასაო~ _ ამბობდა მისი პერსონაჟი და თითქმის მთელი სცენური ქმედება, მოკვეთილი, ცოცხალი ჟესტი, გრაციოზულობა და ქალური ვნება ამ ფრაზის ხორცშესხმა იყო.
მზეხასა და ვაჟიკას რომანტიკული სიყვარული წარსულის ნიშნად იქცა. მათმა შვილებმაც იგივე გზა გაიარეს, მაგრამ უკვე სახეშეცვლილი ფორმით. ყველაფერი თითქოს უფრო პრაგმატული გახდა, ყოფითი, მიწიერი, აღმაფრენასა და ამაღლებულს მოკლებული, გაცვეთილი. შესაძლოა დავუშვათ, რომ ეს იყო რეჟისორის კონცეფციის ნაწილი. ჯერ კიდევ 30 წლის წინ გვიწინასწარმეტყველა ნუგზარ ლორთქიფანიძემ ღირებულებათა და ფასეულობათა მოსალოდნელი დევალვაცია, დესაკრალიზაცია, დერომანტიზაცია… და ასე დაუსრულებლივ. ეს იყო მინიშნება ადამიანის სრულ ონტო-ექსისტენციალურ უპრესპექტივობაზე, მენტალობის საშიშ ცვალებადობაზე, `უსულო და უღმერთო ცივილიზაციის~ საშიშ შედეგებზე.

1908149_951264218230264_803038396825380116_n
“წუთისოფელი ასეა” სიტყვის სიმკვეთრითა და სიმძაფრით ზეაწეული პოეტური თხრობა იყო ამ უსწორმაწორო და გაუტანელი ყოფიერების გაძლებაზე, იმაზეც, რომ ადამიანმა უნდა მოასწროს მშვენიერთან და ამაღლებულთან ზიარება, ამ გზით _ ესთეტიკური ემოციის ფორმირება, უბრალოების უნივერსალიზმის გათავისება, რადგან გულწრფელობა და უბრალოებაა მშვენიერების ერთ-ერთი საფუძველი.
ყოველ სპექტაკლს არსებობის მხოლოდ ერთი დრო აქვს – აწმყო. ჩვენ დღეს, 30 წლის შემდეგ, ვიხსენებთ აღარარსებულს და ამით შევდივართ მის აწმყოში, თუმცა, როგორც ნათელა ურუშაძე იტყოდა, `ის სხვისი აწმყო ჩვენიცაა~, დღევანდელიც ხომ გუშინდელი გახდება სხვისთვის! “წუთისოფელი ასეა” ჩემს სპექტაკლად იქცა და დარჩა მარადიულ აწმყოდ. ღირს ამ მარადისობისთვის ცხოვრება!

საბა მეტრეველი
ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი

banner
წინა სტატიაში,,ისლამური სახელმწიფო,, ატომური ბომბის შეძენას აპირებს
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონის პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა