სისტემა თუ არ დაინგრა, ტრაგედიები გაგრძელდება მზად ვართ მურად წურწუმიას ოჯახს სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ

2 იანვარს სპეცრაზმელებმა “დამპალოს სასაფლაოს” ტერიტორიაზე სასტიკი წამებით მოკლეს 24 წლის მურად წურწუმია. პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოჯახმა ატეხა ხმაური.  საზოგადოების მხრიდან მომხდარზე სათანადო რეაგირება არ ყოფილა. ეტყობა ჩვენს საზოგადოებას უბრალო ადამიანების მკვლელობა არ ადარდებს. მურად წურწუმია, ავტოსამრეცხაოში მანქანების მრეცხავად მუშაობდა. ვარკეთილის სასაფლაოზე  მურად წურწუმია ბედობის ღამეს აწამეს. მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა ამოთხრილი და თავის ქალა გატეხილი. ოჯახის ინფორმაციით, ორმა სპეცრაზმელმა 24 წლის მამაკაცი ტანსაცმლის გარეშე, უგონო მდგომარეობაში ყინვაში მიატოვეს. ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას არაერთი სკანდალური საქმის სკანდალური დეტალები გამოუძიებია და გაუსაჯაროებია. „თაიმერთან“ საუბარში კუპრავა ამბობს, რომ ის წურწუმიას ოჯახს გვერდით დაუდგება და ყველაფერს გააკეთებს რომ წურწუმიებმა სამართალი იპოვონ. დავით სარალიძის და ბექა ხახუბიას მკლელობაზე სკანდალური დეტალები პირველმა სწორედ კუპრავამ გაახმაურა.

როდის აქვს ბრძოლას აზრი; რატომ არის აუცილებელი სისტემის ნგრევა; როგორ გადარჩა 2018 წელს მორყეული სისტემა ჩამოშლას – ამ თემებზე „თაიმერს“ სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება.

-მურად წურწუმიას სასტიკმა მკვლელობამ მთელი საზოგადოება დაზაფრა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი საშინელებები?
-მე ახლა საზოგადოებასთან ერთად ვაკვირდები თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება და საგამოძიებო ორგანოები. აქამდე მოკლულის ოჯახთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. მათთან დაკავშირებას ამ დღეებში ვაპირებ. სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი მათ ყველანაირად დაეხმარება, იქნება ეს სამართლებრივი კუთხით თუ ინფორმაციის გასაჯაროებით. 24 წლის ბიჭის ერთი მკვლელი უკვე მიეცა პასუხისგებაში. მეორე პიროვნებასაც თუ არ მისცემენ პასუხისგებაში და სრულად არ გამოიძიებენ საქმეს, რეაქციაც სათანადო იქნება. ჩვენ ყველა იმ ფორმით ვიმოქმედებთ, რაც კანონით არის დაშვებული.
ჩვენ მზად ვართ წურწუმიებს გვერდით დავუდგეთ სამართლის პოვნაში. ცხადია, არავითარი კომპრომისი არ იქნება. როდესაც ივანიშვილის ხელისუფლებაზე საუბრობ, იქ სიტყვა კომპრომისი უნდა დაივიწყო. როდესაც კომპრომისი არ იყო, იქ ოპოზიციამ და საზოგადოებამ ყოველთვის დადო შედეგი. ასე იყო დათუნა სარალიძის შემთხვევაშიც. როცა ბრძოლა უკომპრომისოა, იქ დაჩაგრულ ადამიანს გამარჯვების მეტი შანსი აქვს. როდესაც კომპრომისები იწყება, იქ უკვე გახარია გამოდის გამარჯვებული.
– ადრე იმარჯვებდა, ახლა გახარია აღარ არის შს მინისტრი.
– გახარია, მართალია, შს მინისტრი აღარ არის, მაგრამ ამ უწყებიდან ძალიან ბევრი ცოდვები გადმოიყოლა. ეს ცოდვები და სიბინძურე მას არ ჩამოურეცხავს. ამის ერთადერთი გზა არსებობს – ციხე და შემდეგ მონანიება. პრემიერობა კი არა, არამედ, გახარიამ სულაც ივანიშვილივით მილიარდები რომ დააგროვოს და ოლიგარქი გახდეს, მაინც ვერ ჩამოირეცხავს ამ ცოდვებს.
– კომპრომისებზე ვსაუბრობდით და რას იტყვით საზოგადოების რეაქციაზე, რომელიც დუმილით შეხვდა ამ საშინელ მკვლელობას. განსაკუთრებით იმ ხალხის დუმილია მიუღებელი, ვინც სააკაშვილის დროს აპროტესტებდა, ხოლო ახლა არც კი იმჩნევენ. ივანიშვილის ხელისუფლებას რატომ ეპატიება ის, რაც არ ეპატიებოდა სააკაშვილს? ასეთი რამე არცერთ ხელისუფლებას არ უნდა ეპატიოს.
– საზოგადოება მაშინ სწორედ გამოხატავდა პროტესტს. ასეთი ფაქტები უნდა გაპროტესტდეს. ნებისმიერი ძალადობა ჩემთვის მიუღებელი იყო მაშინაც და მიუღებელია დღესაც. კატეგიორიულად მიუღებელია, როდესაც სახელმწიფო სისტემა ძალადობს მოქალაქეზე. არ ვიცი რატომ არ იღებენ ისინი ხმას. პირადად მე აღვშფოთდი ბექა ხახუბიას, თემირლან მაჩალიკაშვილის, დათუნა სარალიძის საქმეებზე. რა რეაქციაც მაშინ მქონდა, იგივე რეაქცია მაქვს ამ 24 წლის ბიჭზეც.

– ხახუბიას და სარალიძის საქმეები ფაქტიურად თქვენ „გახეთქეთ“.
-კი, კი. ხახუბიას საქმე დახურული იყო და მე დავწერე პირველმა ფეისბუქზე ამის შესახებ. არცერთი ასეთი საქმის მიმართ არ ვყოფილვარ ნეიტრალური, ისევე, როგორც ახლა არ ვარ. იგივე განცდა მქონდა ლუკა სირაძის მიმართაც. ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ დაკითხვიდან გამოსულმა 15 წლის მოზარდმა თავი მოიკლა.
-თავიდან საზოგადოება ძალიან აღშფოთდა ლუკას საქმეზე, მაგრამ მალევე გადაიფარა ეს თემა სხვა ამბით და ეს თვითმკვლელობა ყველამ დაივიწყა. ლუკას ამბავზე ასე პასიურად რომ არ მოვქცეულიყავით, შესაძლოა მურად წურწუმია არ მოეკლათ. თქვენ რას იტყვით?
-ამ თემაზე სათანადო რეაქცია უნდა ყოფილიყო. ჩოლოიანის დაკავებით არ უნდა დავკმაყოფილებულიყავით. ის ამ სისტემის ერთი ჭანჭიკია მხოლოდ. 2018 წლის ივნისში, როდესაც ჩვენ საზოგადოებასთან ერთად რუსთაველზე ვიდექით სისტემის გრევას ვითხოვდით. ჩვენ იმ სისტემის ჩამოშლა გვინდოდა, რომელმაც მოკლა დათუნა, თემირლანი ლუკა და ახლა ეს უბედური ბიჭი. როდესაც ლუკა გარდაიცვალა დავწერე, რომ თუ რაღაც ზომებს არ მივიღებთ, მსგავსი რამეები კვლავ განმეორდება და ლუკა ბოლო მსხვერპლი არ იქნება. სისტემა უნდა დაინგრეს. 2018 წლის ივნისში მთელმა ერმა, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველად ხმამაღლა ვთქვით, რომ ეს სისტემა უნდა დაინგრეს. მაშინ 12-13 დღის მანძილზე ეს სისტემა ვარყიეთ და შევაზანზარეთ. კბილს რომ მოარყევ, ეგრე გვქონდა მორყეული და ჩამოშლას არაფერი აკლდა. სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ დავანგრიეთ. ერთი წელია ამ სისტემამ სული მოითქვა, გაძლიერდა და უკან დაგვიბრუნდა უფრო დიდი ტრაგედიებით. ეს სისტემა სანამ არ დაინგრევა, ასეთი ტრაგედიები სულ იქნება. ამ სისტემამ ზუსტად ერთი წლის თავზე მოგვიწყო სისხლიანი 20 ივნისი. 20 ივნისსაც სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. იქ ხომ ერთმა ადამიანმა არ დათხარა ბავშვებს თვალები. იმ ღამეს მანკიერმა სისტემამ იმუშავა. სისტემურია, რადგან დანაშაული ჩაიდინა კონკრეტულმა უწყებამ და მერე მთელი სახელმწიფო ეფარება ზემოდან.
– თქვენი დაკავებაც სისტემური იყო. სხვისი თეფშიდან ჭამის გამო ადამიანის დაკავება განა სისტემური არ არის? მერე როგორც გავარკვიეთ, თქვენ ტერმინია „მკიდია“ გამოგიყენებიათ და ამიტომაც გამოგკეტეს 9 თვე ციხეში.
– სხვისი თეფშიდან ჭამა პროკურატურას თავის საბრალდებო დასკვნაში უწერია. საგამოძიებო უწყება მე მოსამართლის უპატივცემულობას მედავებოდა. მათი განმარტებით, 3 საათზე პროცესი იწყებოდა, მე რომ მითხრეს „ამოდიო“. ვუთხარი – მოვრჩები ჭამას და ამოვალ მეთქი. „მერე თავისი თეფშიდან რომ მორჩა ჭამას, სხვის თეფშს გადაწვდა და იქედან გააგრძელა ჭამაო. ამით დროს წელავდა და ასე გამოხატა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაო“ – განმარტეს პროკურატურაში. ჯერ კიდევ ჩემი თეფშიდან რომ ვჭამდი, მაშინ პოლიციელებმა მითხრეს „წამოდიო“ და ვუთხარი „მკიდია“ მეთქი. ეს სასამართლოზე დავადასტურე. დიახ, ასე ვთქვი, მაგრამ ეს არ არის დანაშაული. მე არ დამიკონკრეტებია, რომ მოსამართლე მყავდა მხედველობაში. ეს არც სასამართლოზე და მოსამართლის თანდასწრებით არ მითქვამს.
-ეს „მკიდია“ რა მწარედ მოხვდათ. გამა მათი პრემიერი არ იყო კვირიკაშვილი , როდესაც პირდაპირ ეთერში პარლამენტის ტრიბუნიდან აგინა ოპოზიციის ლიდერს?
– კვირიკაშვილის გინება დაუვიწყარია, მაგრამ არა მხოლოდ ეს. „ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე წელია, რაც გინებაში ატარებს დროს.
-მათი გინებების გახსენებით შორს წავალთ. არსებულ სიტუაციაში გამოსავალს რაში ხედავთ? კი ამბობთ, სისტემა უნდა დაინგრესო, მაგრამ მარტო ოპოზიცია ამას ვერ გააკეთებს, ხალხის მხარდაჭერაა საჭირო.
– ხალხიც ოპოზიციის ნაწილია. მე ოპოზიციას და ხალხს ცალ-ცალკე არ ვუყურებ. როცა საზოგადოების კონსოლიდაცია ხდება, იქ ყოველთვის დგება შედეგი. 2012 წელს ასე გაერთიანდა საზოგადოება და ხელისუფლებაც არჩევნების გზით შეიცვლა. ახლაც კონსოლიდაცია და ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებაა საჭირო. ეს ერთი მიზანი არის სისტემის გრევა, რომლის სათავეში ბიძინა ივანიშვილია. სისტემის ყველა სხვა დანარჩენი წევრი არის მისი ნების აღმსრულებელი.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ავტომობილი ხევში გადავარდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამიას პატიმრებმა ე.წ „პრახოდი“ მოუწყვეს