17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

წულუკიანმა ჩამოთვალა საკითხები, რომელთაც კომისიის დასკვნაში ცალკე თავები მიეძღვნა

„2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თავმჯდომაერემ, თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე კომისიის მუშაობის ეტაპები შეაჯამა.

წულუკიანმა ასევე განმარტა, რას დაეფუძნენ დასკვნის შედგენის დროს და რა პრინციპით მუშაობდნენ.

„მინდა, შევაჯამო ის ეტაპები, რომლებიც ყველამ ერთად გავიარეთ. 5 თებერვლის შემდეგ დღევანდელი სხდომის ჩათვლით ჩვენ გავმართეთ 46 სხდომა, გამოვკითხეთ 139 პირი, მათ შორის ორჯერ გამოიკითხა ოთხი პირი. ერთი გასვლითი შეკრება, ვიზიტი გვქონდა ხონში, სადაც მოვინახულეთ ყოფილი მე-13 სასჯელაღსრულების დაწესებულება. დასკვნის შედგენის დროს დავეფუძნეთ გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებს, განცხადებებს, რომელთა ოდენობაც, დღეის მდგომარეობით, არის 775, განცხადებებში მოყვანილ ინფორმაციებსა და ფაქტებს. ასევე ჩვენ შევისწავლეთ ყველა საერთაშორისო ანგარიში თუ შეფასება, რომელიც ეხებოდა საკვლევ თემებს მოცემულ პერიოდში. დასკვნის შედგენისას ასევე დავეფუძნეთ ეროვნული, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და განაჩენებს, ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, რომლებიც გამოცემული იყო მოცემულ პერიოდში და საკვლევ საკითხებს ეხებოდა. დასკვნა არის 400-გვერდიანი, უფრო ზუსტად, 430 გვერდია. გვერდების რაოდენობაში არ შედის დანართების ნუსხა, რომელიც რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „დასკვნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი, ქმედება, რომელსაც სჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვლი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით“.

„ამ დოკუმენტს როდესაც გაეცნობა ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა, ნახავს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, როგორი იყო ფაქტები. დიდი იმედი მაქვს, ახალგაზრდებიც გაეცნობიან მას. დასკვნაში არ არის მხოლოდ რომელიმე წევრის ან კომისიის შეფასებები, არამედ დოკუმენტში თავმოყრილია, ქრონოლოგიურად არის ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები, ინფორმაციები. ეს არის საკუთრივ ამ დოკუმენტის ღირებულება. იმედი მაქვს, მოცემული დოკუმენტი გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, ასევე შესაბამის სასამართლოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან, ნამდვილი ანალიზი, კვლევა აწარმოონ და თავიანთი სამშობლოს, სახელმწიფოს ინტერესებისთვის გამოიყენონ. ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობს, გაძლიერება სჭირდება და ეს მასალა გამოადგებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნით სხდომაზე წულუკიანმა საზოგადოებას კომისიის მთავარი სტრუქტურა გააცნო და ჩამოთვალა საკითხები, რომლებსაც კომისიამ დასკვნაში ცალკე თავები მიუძღვნა:

„მინდა, საზოგადოებას გავაცნო მთავარი სტრუქტურა. თავი, რომელიც ეძღვნება სასჯელაღსრულებაში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ყველა მასალა ფაქტებზე დაფუძნებით არის წარმოდგენილი. თავი, რომელიც ეძღვნება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას. თავი, რომელიც ეძღვნება ქონებრივი უფლებების დარღვევასა და ბიზნესის რეკეტს.

ცალკე თავია გამოყოფილი მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორსა და მათ უფლებებზე და დარღვევებზე. ასევე არის შედარებით ნაკლები მოცულობის თავი, გასაგები მიზეზების გამო, რომელიც ეძღვნება ჩვენი მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეშ ფაქტებს, მათ პირად სივრცეებში ფარული ჩანაწერების კეთებასა და შემდეგ ამ ჩანაწერების შანტაჟისთვის გამოყენების ფაქტებს.

ცალკე თავია მიძღვნილი იმ ფაქტებისადმი, რომელიც გამოიკვეთა ყველას თვალწინ ახსნა-განმარტებების შედეგად, იქნებოდნენ ეს გენერლები თუ პირები, მსხვერპლები, ვინც გამოვკითხეთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. რასაკვირველია, თავი, რომელიც ეძღვნება ომის პროპაგანდას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს. ეს არის სამწუხაროდ, 2012 წლიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან მადლობა გადაუხადა პოლიტიკოსებს, მოქალაქეებსა და კომისიის წევრებს, ასევე მედიის ნაწილს, რომელიც “ერთგულად აშუქებდა სხდომებს”.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ციხეში არიან ოპოზიციის ლიდერები: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე.

წულუკიანის კომისიაზე ორჯერ გამოიკითხა გიორგი გახარია, რის საფუძველზეც დაწყებულია გამოძიება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე.

აღსანიშნავია, რომ წულუკიანის კომისიის წევრები 19 ივლისს ესტონეთმა დაანსაქცირა.

banner
წინა სტატიაში“თელასის” განცხადებით, სერვერებზე ჰაკერული შეტევის გამო, მომხმარებლებს შეტყობინებებს ვერ უგზავნის
შემდეგი სტატიადიპლომატიური წესის პირდაპირი დარღვევაა – მაჭარაშვილი გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძის ბინის ქირაობაზე