27 დეკემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი წალენჯიხის სალოტბარო სკოლის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ სალოტბარო სკოლას, რომელიც კულტურის სამინისტროს ბაზაზეა, შენობა არ აქვს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს. ამ თანადგომისთვის მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებას ერთგვარად მადლობა გადაუხადა და იქვე, ორაზროვნად განაცხადა, ვიღაც ამბობდა, ძალა ერთობაშია და ასეც უნდა იყოსო. ცნობისთვის, სალოტბარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები შენობას ითხოვენ, თუმცა წულუკიანმა ამ მოთხოვნას კონკრეტული პასუხი არ გასცა და განაცხადა, რამდენიმე კვირაში, როცა პედაგოგები სამინისტროში გვესტუმრებიან, გადავწყვეტთ, სალოტბარო სკოლას ახალ ფართს გამოვუყოფთ თუ იმ შენობას გავარემონტებთ, სადაც ახლაა შეხიზნული.
ზოგადად, შეხვედრაზე ქალბატონმა მინისტრმა ისე ისაუბრა, თითქოს მთელი კულტურის სამინისტრო წალენჯიხის სალოტბარო სკოლაზე ფიქრით აღამ-ათენებს. არადა, სინამდვილეში, წულუკიანის უწყება ჯამაგირს მხოლოდ ორ პედაგოგს უხდის. დანარჩენ მასწავლებლებს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წალენჯიხის მერია აფინანსებს.
ამ ფონზე, ცოტა გაუგებარია წულუკიანის ცინიზმი „ძალა ერთობაზე“, ანუ მინისტრმა იცის, რომ ძალა ერთობაშია, მაშინ საკითხავია, სალოტბარო სკოლის პედაგოგთა აბსოლუტურ უმრავლესობას ყურადღებას რატომ არ აქცევს და მათთვის უკეთესი პირობების შექმნისთვის საკუთარ ძალას წალენჯიხის მერიას რატომ არ უერთიანებს? ეს რიტორიკული კითხვაა, რომელზე ქალბატონ თეას წალენჯიხაში სტუმრობისას პასუხი არ გაუცია.
არადა, საქმეში ჩახედულმა ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ წალენჯიხის სალოტბარო სკოლა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და უბრალოდ, სირცხვილია, ეს დიდი ტრადიციების სასწავლებელი ერთ ოთახში რომ არის „შემწყვდეული“. 2015 წელს შექმნილ სკოლაზე საარჩევნო წელს დაინტერესება ნამდვილად არ არის გასაკვირი, მაგრამ როგორც იტყვიან-სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
გასაგებია, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, სკოლას ყველანაირად ეხმარება, მაგრამ კარგი იქნება, თუკი კულტურის სამინისტროც, რომლის ბალანსზეც ეს სკოლაა, მეტ ყურადღებას გამოიჩენს და წალენჯიხის სალოტბარო სკოლას ხელს მაქსიმალურად შეუწყობს!