წულუკიანი – ვერც ერთ ძეგლს და მით უმეტეს, გელათის მნიშვნელობის ძეგლს, ვერავინ შეეხება, თუ არ აქვს ოსტატების რეესტრიდან ამონაწერი

გელათის პროექტი იყო ხარვეზიანი და არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, მათ შორის არც იმ ორგანოებმა, რომელსაც პირდაპირ ევალებოდათ ზედამხედველობა, ვგულისხმობ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მის ხელმძღვანელობას, რომელთაგან უმრავლესობა უკვე აღარ არის თანამდებობებზე, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გელათის მონასტერთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვების პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემა იყო არაკომპეტენტური პირების ძეგლზე მუშაობაც.

„ვინც კომპეტენტური იყო, ისინი ჩარეცხეს ასაკიდან გამომდინარე და მე მომიწია სანთლით მეძებნა ის ადამიანები და ის ჯგუფი, რომელსაც მე რჩევას ვეკითხები და შევკრიბე. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისინი, მაგრამ გამოცდილი არქიტექტორ-რესტავრატორები არიან ყველანი 70-ის და მეტი ასაკის, არაერთი მათგანი 90 წლისაც, მაგრამ ენერგიული და ჩვენ ვნახეთ, რომ სერიოზული დეფიციტია პროფესიების და ამას უკვე მივყავართ იმ სახელოვნებო განათლების რეფორმასთან, რომელზეც მოგვიწევს საუბარი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ოსტატების რეესტრის შექმნის ინიციატივა ბევრმა გააკრიტიკა და საქილიკოდ არ ეყოთ.

„ჩვენ ვგეგმავთ, 2022 წლის მაისში ჩავრთოთ სისტემა, რომლის მიხედვითაც, ვერც ერთ ძეგლს და მით უმეტეს გელათის მნიშვნელობის ძეგლს, ვერ შეეხება ვერავინ, თუ მას არ აქვს ოსტატების რეესტრიდან ამონაწერი, რომ ის ნამდვილად არის ხითხურო, ქვითხურო, ან კირითხურო. სხვათა შორის სკამებმა და სკამზე მჯდარმა ყოფილმა ხელისუფლების წევრებმა, რომლებიც დღეს აქ ბევრს საუბრობენ, გააკეთეს ისე, რომ მოიშალა ყველანაირი ლიცენზირების და სერტიფიცირების სისტემა. ეს ასე იყო და არსებული კანონის მოქმედება შეაჩერეს. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი უხერხულია, არ მოსწონთ და მოგვიწოდებენ, ძვირფასო უმრავლესობის წევრებო, რომ წარსულზე არ ილაპარაკოთო. მე ვსაუბრობ მომავალზე და ვახსენებ იმას ზოგიერთს, თუ რატომ მიწევს დღეს მე ოსტატების ძებნა ქვეყანაში სანთლით ხელში, რადგან მათ ძეგლთა დაცვის სისტემა მთლიანად მოშალეს. შენიშვნა სწორია, რომ 2012-დან 2021 წლამდე გავიდა დრო და შესაძლებელი იყო ამის გასწორება უფრო მალე. ძალიან ლეგიტიმური კრიტიკაა, მაგრამ არ მომერიდება და ვიტყვი – მინისტრის სტატუსითაც კი, მე გამიჭირდა ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ბრძოლა და მათთვის იმის შეგნებინება, რომ არ შეიძლება ძეგლზე მუშაობდეს უბრალო მუშა, რომელმაც შეიძლება გაგირემონტოთ შინ სამზარეულო. ეს იყო სისტემა, რომელიც როგორც კორპორატიული კულტურით ებრძოდა ყველანაირ სიახლეს ამ მიმართულებით. ვიცი, რომ ეს ხელმძღვანელობა, რომელიც მე ვიცი, რომ დეპუტატის ზარებსაც სწრაფად პასუხობდა, შეცვალა ახალმა მინისტრმა. გელათმა აჩვენა, რომ იყო კარგი ადამიანი, არ არის საკმარისი. საჭიროა, პროფესიონალიზმი და საჭიროა იმის დაჯერება, რომ არ შეიძლება. ძეგლს ეხებოდეს ის, ვინც ძეგლზე მუშაობა არ იცის. დავმალოთ ეს?! მე ვერ დავმალავ. ეს არის პრობლემა და თუ ხელშეწყობა მექნება, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, რომ ეს ერთად გავასწოროთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუმცა ალბათ ამ შეთავაზებაშიც მავანი დაინახავს სიძულვილის ენას, რაც არ არის არავითარი პრობლემა“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ლონდონის წარმომადგენლობას შეხვდა
შემდეგი სტატიაწულუკიანი ოპოზიციას: შეგიძლიათ რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ. აბა რისთვის გაქვთ დრო?