“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანის უწყების მიერ ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან ლაშა ბაქრაძის გათავისუფლებას “ცინიკურ” გადაწყვეტილებად აფასებს.
გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ლაშა ბაქრაძის პოსტიდან მოხსნა მის გაცხადებულ სამოქალაქო პოზიციას, რუსული კანონის წინააღმდეგ წასვლასა და პოლიტიკურ პროცესებში მის აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.
მიზეზი არის ის, რომ ლაშა იდგა რუსული კანონის წინააღმდეგ და საქართველოს ევროინტეგრაციის დიდი მომხრეა. წულუკიანი რომ ლაშა ბაქრაძეს გაათავისუფლებს სამსახურიდან, ეს ამ ქვეყნის ცინიზმია. 14 წლის მოღვაწეობის მანძილზე, ბევრი საქმე აქვს გაკეთებული. ის ამბობდა, რომ ჩვენ, ქართველებს გვჭირდება მასშტაბი და ევროკავშირი ის მასშტაბია ჩვენთვის, რომ ბოლომდე გავშალოთ ფრთები და სრული რეალიზება მოვახდინოთ საკუთარი პოტენციალის. ამიტომ არის, რომ ქართველები სხვანაირი პერსპექტივით ვუყურებთ ევროკავშირს და ვუყურებთ, რომ განსხვავებულ სიტყვას, ხელწერას შევიტანთ ევროკავშირში”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, დღეს, 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ლაშა ბაქრაძე ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სოციალურ ქსელში გაავრცელა, მიზეზად კი დისციპლინური გადაცდომა დაასახელა.