წულუკიანი – პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ოპოზიცია

პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ოპოზიცია, რომელმაც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთპარტიულ პარლამენტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველი მოატყუა, რომ მისი ხმა იქნებოდა პარლამენტში.

„არავითარ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ. პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ის ოპოზიცია, რომელმაც უღალატა საკუთარ ამომრჩეველს და მოატყუა, რომ მისი ხმა იქნებოდა პარლამენტში, არ შემოვიდა საკანონმდებლო ორგანოში. ამიტომ პასუხისმგებლობა არის მთლიანად მათკენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კითხვას, წულუკიანმა უპასუხა, რომ მმართველი გუნდი რევოლუციებს არ დააფინანსებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავაფინანსებთ რევოლუციებს. მე ძნელად წარმომიდგენია, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა იმაზე მეტი და ახალი შესთავაზოს ოპოზიციას, ვიდრე იქნა შეთავაზებული. მათ მხარეს არის ბურთიც, გადაწყვეტილებაც და პასუხისმგებლობაც. თუ გააგრძელებენ საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობას, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება. მე მესმის ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, როცა მათ ეს ჩიხი შექმნეს და შეიყვანეს თავიანთი თავი, ამ ჩიხიდან გამოსვლა შეიძლება იყოს საკმაოდ ძნელი, მაგრამ ამაზე ამომრჩეველი რას ეტყვის მათ, ეს არის მთავარი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილი რატომ არ ერთვება მოლაპარაკებებში, თეა წულუკიანმა უპასუხა: „მოლაპარაკებებში უმაღლესი თანამდებობის პირი, რანგით მეორე არის ჩართული და აქედან გამომდინარე, კითხვაც არ ისმის, რატომ არ არის ჩართული მაღალი დონე“.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო კრიტიკულია პუტინის მიმართ და საქართველოში მის შემოსვლაზე ატეხილი ამ ხარისხის აჟიოტაჟი არ ვიცი, რას ეფუძნება
შემდეგი სტატიაგომელაური – ყველა მსხვილ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი