წულუკიანი ოპოზიციას: შეგიძლიათ რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ. აბა რისთვის გაქვთ დრო?

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურისა სპორტის მინისტრის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე ცოტა ხნის წინ ერთმანეთს სიტყვიერად თეა წულუკიანი და სალომე სამადაშვილი დაუპირისპირდნენ.

“რომელ პარტიას წარმოადგენდით და ზევით რატომ აინაცვლეთ, ესეც ძალიან საინტერესო იქნება, დაგიბრუნდებით” – ამ სიტყვებით მიმართა წულუკიანმა სხდომაზე სალომე სამადაშვილს.

“ქალბატონი სალომე ამბობს, ირაკლი ალასანიას პარტიაში რომ იყავიო. არ ისმის თქვენი ხმა, მე დაგეხმარებით. ქალბატონი სალომე ამბობს, თავისი სოპრანოთი თუ რა ხმაა არ ვიცი, ისმის აქ მაგრამ იქ არ ისმის… არ ვიცი, ვერ გაგზომეთ და გაგზომავთ მომავალში, იქნება დაგასაქმოთ კიდეც. ირაკლი ალასანია კაცის მკვლელი არ ყოფილა არასდროს, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს”, – მიმართა წულუკიანმა სალომე სამადაშვილს.

მინისტრის განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, ხოლო ოპოზიციის რეპლიკას, რომ მინისტრი “კულტურულად არ საუბრობდა“, ასე უპასუხა: “უკულტურობა რა არის ეგ კიდევ საკითხავია რა“.

“აქ დაისვა უამრავი შეკითხვა და გვაქვს კიდევ ბევრი, ამიტომ ქალბატონი მინისტრი ეგებ საკუთარ ტელევიზიებში მიიწვიონ, სადაც საკუთარ ბოღმა, შხამი, უკმაყოფილება ცხოვრებით, სადმე სხვაგან გამოხატოს ქალბატონმა წულუკიანმა“, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

ამის შემდეგ მან და დეპუტატმა თაკო ჩხეიძემ მინისტრს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, კითხვებისთვის პასუხი დროულად გაეცა, რაზეც წულუკიანმა ისევ ცინიკურად უპასუხათ:

“დაგიბრუნდებით, დამაცადეთ, სხვა დეპუტატების კითხვებს ვუპასუხო. დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ. აბა რისთვის გაქვთ დრო?”, – მიმართა ოპოზიციის დეპუტატებს წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი – ვერც ერთ ძეგლს და მით უმეტეს, გელათის მნიშვნელობის ძეგლს, ვერავინ შეეხება, თუ არ აქვს ოსტატების რეესტრიდან ამონაწერი
შემდეგი სტატიათბილისის მუნიციპალური ინსპექცია კერძო სექტორს სამშენებლო კანონში შეტანილ ცვლილებებს აცნობს