წულუკიანი: ყიზილაჯლოში მომხდარის პოლიტიზება ვერ მოხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთ დაჭრილი მაჟორიტარობის კანდიდატია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარს ეხმაურება. მისი თქმით, არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ და ამ ამბავს და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

თეა წულუკიანი, ამ ეტაპზე, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს. იუსტიციის მინისტრმა სხვა რეგიონებზეც ისაუბრა, სადაც არჩევნების დღეს დაძაბულობაა მოსალოდნელი. მისი თქმით, შესაბამისი სტრუქტურები ინფორმირებული არიან და სრულად გააკონტროლებენ სიტუაციას, რათა ყოველგვარი დაძაბულობა თავიდან აიცილონ.

„აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ, რომ, ამ ეტაპზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე ვერსიებზე საუბარი, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. ამ საკითხის ვერავითარი პოლიტიზება ვერ მოხდება მარტო იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატის სტატუსი აქვს. რაც შეეხება ქვემო ქართლს და იმ რეგიონებს, სადაც შეიძლება იყოს გარკვეული დაძაბულობის ნიშნები, რა თქმა უნდა, იქ როგორც ყველა წინა არჩევნებზე, შესაბამისი სტრუქტურები ფლობენ ინფორმაციას და აქვთ პრევენციული გეგმა იმისათვის, რომ ამომრჩეველმა მისთვის სასურველ პარტიასა და კანდიდატს ხვალ დილიდან ხმა მისცეს მშვიდ გარემოში”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაჭრილთაგან ორის ოპერაცია დასრულდა და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე.

banner
წინა სტატიაშისოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ ოთხი ადამიანია დაჭრილი – შსს-ს ოფიციალური განცხადება
შემდეგი სტატიაგარდაცვლილი 24 წლის გოგო შილდაში – სამართალდამცველების გულგრილობა?