წულუკიანი ბადრი ესებუაზე : ჩვენ არ ვიცით, ის თავისუფლად გადაადგილდება თუ იმალება

“ჩვენ არ ვიცით, ის თავისუფლად გადაადგილდება თუ იმალება” – ასე უპასუხა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა რუსთავი ორის ჟურნალისტის კითხვას.

ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ საქართველოს ბანკზე შეიარაღებული თავდამსხმელი მეექვსე დღეა თავისუფლად გადაადგილდება და დაკავებული არ არის. მან ყოფილ მინისტრს ჰკითხა, რამდენად უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს უსაფრთხოების განცდა.

“ის არის შეიარაღებული, ის არის განსაკუთრებით საშიში, ის არ არის შეპყრობილი, მაგრამ “ის თავისუფლად გადაადგილდება”, ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ ფლობთ რაიმე ოპერატიულ ინფორმაციას” – თქვა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ის კმაყოფილია სამართალდამცველების მუშაობით.

“რა თქმა უნდა, პირველი პრიორიტეტი, ადამიანის სიცოცხლე იქნა დაცული და ამით არათუ კმაყოფილი ვარ, არამედ, პირადად ვუხდი მადლობას პოლციიას, ბატონ მინისტრს. ახლა მეორე პრიორიტეტი რაც არის, დამნაშავის დაკავება, მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა, თქვენმა კოლეგებმა ხელი შეუშალეს გამოძიებას” – განაცხადა წულუკიანმა.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი 21 ოქტომბერს შეიჭრა და ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. როგორც მძევლები ყვებიან, დამნაშავე “კბილებამდე შეიარაღებული” იყო – მას ავტომატი, პისტოლეტი და ხელყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეკავა.

თავდამსხმელმა მოითხოვა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 მიეცათ და უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით მძევლებთან ერთად.

დაახლოებით 7 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ, თავდამსხმელს ბანკში ფული მიუტანა და მძევლებს ჩაენაცვლა. გალდავასთან და კიდევ ორ მძევალთან ერთად თავდამსხმელმა ბანკის შენობა პოლიციის მანქანით დატოვა.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა და მიიმალა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა. უწყებამ გამოძიება ყაჩაღობის, მძევლად აყვანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

იმავე დღეს მთავარმა არხმა გაავრცელა ცნობა, რომ დამნაშავე ყოფილი სამხედრო, ბადრი ესებუაა. 26 ოქტომბერს შსს-მ ესებუას სახლი გაჩხრიკა, დაახლოებით, ერთ საათში კი საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ დაადასტურა დამნაშავის ვინაობა. ვლადიმერ ბორცვაძის ცნობით, შეიცვალა მუხლებიც და თავდასხმა ტერაქტად გადაკვალიფიცირდა.

თავდაცვის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არაა. კითხვაზე, მსახურობდა თუ არა ის წარსულში საქართველოს არმიაში, უწყება არ გვპასუხობს. მთავარი არხის ცნობით კი, ესებუა ჯარში 2012-18 წლებში მსახურობდა.

ბადრი ესებუას ამ დრომდე ეძებენ.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: ერთადერთი, ვისაც ახლა ამომრჩევლის პასიურობა აძლევს ხელს, ხელისუფლებაა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ფოთში მეთევზეებს შეხვდა