წულიკიანი: პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი აიძულეს, გამოსულიყო, განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, რომ ნუ იყენებთ ჩემს სახელს, გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება ცუდია გახარიას გუნდისთვის, რადგან რეალურად, მათ თავიანთი ქმედებებით პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი აიძულეს, გამოსულიყო, განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, რომ ნუ იყენებთ ჩემს სახელს, გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარიას ოპოზიციაში გამოჩენის შემდეგ, საზოგადოების ზოგიერთი წევრი ამბობდა, რომ ეს ალბათ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, „ქართული ოცნების“ პროექტი, სხვა მხრივ ვერავინ ახსნა, რატომ შეიძლებოდა გუნდის ლიდერს ამგვარი უეცარი გადაწყვეტილება მიეღო.

„საქმე წავიდა ისე, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრები თავად ავრცელებდნენ ხმას, რომ ისინი იყვნენ მხარდაჭერილნი „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო სიცრუე, მაგრამ როგორც ჩანს, ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ ეს პოლიტიკად წასული კაცი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი. მისი სახელის გამოყენება ჩვენთვისაც არის დაუშვებელი, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ყოფილ პრემიერს, გუნდის ლიდერს, რომელთან დაკავშირებითაც აღვნიშნე, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გადადგა, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იყო სრულიად აუხსნელი არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ ჩემთვისაც და საზოგადოებაც გვისვამდა კითხვებს, თუ რა მოხდა.

მოხდა ის, რომ ჩვენ ვისმენდით ნიკა მელიას ქმედებებთან დაკავშირებით გუნდის შიგნით იმ ერთიან პოზიციას გიორგი გახარიასგან, რომელიც გვქონდა ჩვენც, იქნებოდა ეს მთავრობის შიგნით, იქნებოდა ეს უმრავლესობასთან შეხვედრაზე. სხვადსხვა ფორმატში მას ეჭირა ის პოზიცია, რომელიც ემსახურებოდა კანონის და სამართლის უზენაესობას, ის ხანდახან უფრო გამოირჩეოდა კიდეც, უმტკიცებდა ზოგიერთ ჩვენი გუნდის წევრს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული იყო, დაეცვა კანონი და ის იყო მართალი ამაში. უცბად მან მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალა ჩვენება და გაგვაოცა ყველა. როგორც ჩანს, გაოცება მხოლოდ ჩვენი არ იყო და ბიძინა ივანიშვილი მის ამგვარ გასაოცარ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს. რა ჰქვია ამ საქციელს თუ არა ღალატი, იმედგაცრუება. ძალიან სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო და ჩვენ დაგვყვარა ასე და მიგვატოვა მაშინ, როდესაც კანონი იყო დასაცავი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი, როდესაც რთული მომენტია გუნდისთვის და რთული გადაწყვეტილებაა მისაღები, ის უნდა იყოს გუნდის გვერდით, სწორედ ამას ჰქვია ლიდერი.

„როდესაც შენ ხარ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და კანონის აღსრულებაზე ამბობ უარს ან სხვა სიტყვებით ამბობ, რომ კანონის აღსრულება გეშინია, ეს არის კანონის ღალატი. ბიძინა ივანიშვილი მართლაც ამბობს განცხადებაში, რომ გახარიას პარტია უნდა იყოს შექმნილი, რათა როგორმე „ქართულ ოცნებას“, თუნდაც მცირე, მაგრამ გარკვეული ოდენობის ხმები წაართვას. ვნახოთ, ბრძოლის დღეც დადგება და ყველა მივალთ საარჩევნო ურნასთან. ეს იყო აუხსნელი გადაწყვეტილება, ეს იყო უვარგისი გადაწყვეტილება, როდესაც გუნდს ბოლო მომენტში გამოეცლები ხელიდან. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად ამას დავინახავთ საარჩევნო ურნაში, ხმებს როცა დავითვლით. როდესაც გაქვს პრეტენზია ლიდერობაზე, გუნდი არ უნდა მიატოვო, ეს პოლიტიკაში ნებისმიერ ბრძოლაში არის ორჯერ ორი ოთხი.

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება ცუდია გახარიას გუნდისთვის, რადგან რეალურად მათ თავიანთი ქმედებებით პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი აიძულეს, გამოსულიყო, განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, რომ ნუ იყენებთ ჩემს სახელს, გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი, რომ ჩვენმა გუნდმა და პირველ რიგში ივანიშვილის გადაწყვეტილებებმა ის შედეგი მოიტანა, რომ „ქართული ოცნება“ მესიანიზმისგან გათავისუფლებულია. მეორე მხარეს არის კრიმინალი სააკაშვილი და მისი ჯგუფი. კარგი იქნება, თუ სააკაშილი ამ ქვეყანასაც დანებებს თავს და მიხედავს იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეც არის და იქაურ პოლიტიკაში მიიღებს მონაწილეობას, იქნებ იქ მაინც მიაღწიოს წარმატებას“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი
შემდეგი სტატიაგერმანიაში აუშვიცის ერთ-ერთი უკაანსკნელი საბჭოთა მებრძოლის გარდაცვალებას გლოვობენ