წუხელ ისრაელი 40 წუთი ბომბავდა “ჰამასის” გვირაბებს

ისრაელმა ღაზას სექტორში მასობრივად დაბომბა “ჰამასის” მიწისქვეშა გვირაბები. ოპერაციაში, რომელიც 40 წუთი გრძელდებოდა, 160 საჰაერო ხომალდი მონაწილეობდა, მათ მიწიდან ტანკები ეხმარებოდნენ – ისრაელის არმიამ 14 მაისს გაავრცელა. არმიის წარმომადგენლის თქმით, ოპერაციის მიზანი იყო გვირაბების სისტემის მოშლა, რომელსაც “მეტროს” ეძახიან და რომელიც “ქალაქის ქვეშ ქალაქს” წარმოდგენს. “ჰამასი” ამ გვირაბებს მრავალი წელი აგებდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დაზიანდა გვირაბები – “დოიჩე ველე” წერს.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის ესკალაციიდან 109 პალესტინელია გარდაცვლილი, 621 კი დაჭრილი. გარდაცვლილთა შორის 17 ბავშვია. ისრაელში პალესტინელების მხრიდან დაბომბვის შედეგად 7 პირია დაღუპული, მათ შორის ორი ბავშვი – “როიტერსი” წერს. “ჰამასი” თავის ოპერაციას “იერუსალიმის ხანჯალს” უწოდებს. ისრაელი – “კედლების დამცველს”.

ისრაელის ინფორმაციით “ჰამასმა” 10 მაისს ისრაელს 1800 რაკეტა დაუშინა, მათგან 430 თავად ღაზაში აფეთქდა, სამხდროებმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა “რკინის გუმბათით” დანარჩენი რაკეტების 90%-ის განადგურება შეძლეს.

2008 წლიდან ისრაელი და “ჰამასი” ერთმანეთის წინააღმდეგ სამჯერ აწარმოებდნენ ომს. 2014 წელს 50 დღიანი სამხედრო კონფლიქტის დროს 2100-ზე მეტი პალესტინელი და 70 ებრაელი დაიღუპა. ღაზას სექტორში, გაეროს მონაცემებით, დაინგრა ან დაზიანდა 18 ათასი შენობა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიროგორ მოქმედებს ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა “რკინის გუმბათი”
შემდეგი სტატიარომთან ახლოს გარეულმა ღორებმა ქალს პროდუქტები წაართვეს (ვიდეო)