დღეს 14:00 საათზე საპატრიარქოში სინოდის სხდომაა ჩანიშნული, როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პატრიარქის დაკრძალვის თაობაზე დამატებითი დეტალები დღეს სწორედ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, გამოცხადდება.
განცხადებით ასევე ცნობილი ხდება, რომ დღესსინოდის სხდომის შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ
საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება.
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე.
სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება“, – ნათქვამია განცხადებაში.















