“წლის ბოლოსთვის გვექნება უფრო მაღალი ეკონომიკის რეალური ზრდა, ვიდრე იყო დაგეგმილი”

წლის ბოლოსთვის ეკონომიკის რეალური ზრდა უფრო მაღალი გვექნება, ვიდრე დაგეგმილი იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ზრდის მაჩვენებელმა გადააჭარბა დაგეგმილს და ჩვენ წლის ბოლოსთვის გვექნება უფრო მაღალი ეკონომიკის რეალური ზრდა, ვიდრე იყო დაგეგმილი. ეს არის ძალიან პოზიტიური ახალი ამბავი. რა თქმა უნდა, სავალუტო ფონდმაც გადახედა ზრდის მაჩვენებლებს და პროგნოზი ასწია 4.3%-მდე. ჩვენ კიდევ ცოტათი უფრო მაღალ ზრდას ველოდებით წლის ბოლომდე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკურმა გუნდმა ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობით ძალიან ეფექტურად იმუშავა.

„ვფიქრობ, რომ საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ფისკალური მენეჯმენტის სისტემით. ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ის კრიზისი, რომელიც რეგიონში იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველომ წარმატებით გადალახა და დღეს არის საკმაოდ დიდი გაჯანსაღების ტენდენცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც, მაგრამ საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ზრდის მაჩვენებლით და ფისკალური მენეჯმენტის საუკეთესო ხარისხით. რა თქმა უნდა, ეს არის მთავრობის, ასევე ეროვნული ბანკის დამსახურება და კოორდინირებული, კარგი მუშაობის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაგარეჯოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩმა ეწვია