წლის ბოლომდე ვეტერანებისთვის ახალი ჰოსპიტალი გაიხსნება

სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის სარემონტო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. შემდეგ კი, ეტაპობრივად მოხდება გადასვლა ახალ შენობაში. პირველ პაციენტებს ჰოსპიტალი წლის ბოლომდე მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სამსახური აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხოელ ინვესტორებთან თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე ვეტერანთა მრავალპროფილური ჰოსპიტლის და საქართველოს სხვადასხვა კურორტზე ვეტერანთა სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობის თაობაზე.

სამსახურში აცხადებენ, რომ ახალ ჰოსპიტალში დღეს მოქმედი ჰოსპიტლის მედპერსონალი გადავა. აღნიშნული ჰოსპიტალი თბილისში, იამანიძის ქუჩაზე მდებარეობს და ის, როგორც უწყებაში განმარტავენ, ინფრასტრუქტურულად მოძველებული და ამორტიზებულია.

საქართველოში ომის ვეტერანები სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის სპეციალური პროგრამით – ვეტერანის პაკეტით, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარჯების 100%-იან ანაზღაურებას ითვალისწინებს.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. პროგრამით მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება.

ამასთან სახელმწიფო ომის ვეტერანებს სთავაზობს ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას, ფიზიოთერაპიული, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებას, ბალნეოლოგიური პროცედურების ჩატარებას, სამკურნალო ფიზკულტურისა და მანუალური თერაპიის პროცედურების ჩატარებას გულისხმობს.

ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ახალი ჰოსპიტლის ამოქმედების შემდეგ ვეტერანები კვლავ შეძლებენ არჩევანის გაკეთებას, თუ რომელ კლინიკაში სურთ მომსახურების მიღება.

დღეს საქართველოში ვეტერანის სტატუსი 70 ათასამდე პირს აქვს, მათ შორის 31 814 ათასია აფხაზეთის ომის ვეტერანია.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს სოხუმი საქართველოს დედაქალაქად გამოაცხადოს
შემდეგი სტატია,,მხოლოდ იმას ვადასტურებ, რომ IRI-ის ბოლო კვლევით ჩემი საპრეზიდენტო საარჩევნო რეიტინგი ორნიშნა იყო”