წლების განმავლობაში აზერბაიჯანთან საზღვრის სადემარკაციო კომისია დანაშაულს ჩადიოდა, მივმართავ პროკურატურას, გამოძიება დაიწყოს

ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას და არ მოხდება, რაც მოხდა წინა ხელისუფლების პირობებში, როცა პრაქტიკულად, გაყიდეს გარეჯი, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, არის მცდელობა, რომ აღნიშნული თემა საერთოდ გაქრეს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივაპყრო თქვენი ყურადღება დავით გარეჯის თემას. დღეს არის მცდელობა, ჩაქრეს აღნიშნული თემა, თითქოს, არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება და თითქოს, ეფექტიანად მუშაობს სადემარკაციო კომისია. მინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას და არ მოხდება ის, რაც მოხდა წინა ხელისუფლების პირობებში, როცა პრაქტიკულად, გაყიდეს გარეჯი. დიახ, წინა ხელისუფლებამ გარეჯის ნაწილი გაყიდა, როდესაც გამოდიოდნენ ხელისუფლების პირველი პირები და პირდაპირ ამბობდნენ, რომ გარეჯის ნახევარი თურმე არის აზერბაიჯანის კუთვნილება და არა, ჩვენი. ჩვენ არავინ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ უნდა დავიცვათ პატივისცემა და არ უნდა გამოივიჩინოთ კეთილგონიერება ამ პროცესში, დიახ, პატივს ვცემთ ჩვენს მეზობლებს, პატივს ვცემთ აზერბაიჯანს, მაგრამ ჩვენ ასევე ველით პატივისცემას აზერბაიჯანის წარმომადგენლებისგან და პირველ რიგში, იმედი გვაქვს, მათი პრეზიდენტის. ძალიან გონიერი ადამიანია ილჰამ ალიევი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, უნდა გაანალიზდეს შეცდომები, რაც წლების განმავლობაში სადემარკაციო კომისიამ დაუშვა.

„ეს უბრალოდ შეცდომები არ არის. ჩადენილია დანაშაული, ამას ღიად გეუბნებით და გამოსაძიებელია სადემარკაციო კომისიის მუშაობა მთელი წლების განმავლობაში, რა რუკებით მუშაობდნენ, რა პერიმეტრებს და როგორ ათანხმებდნენ, რა მოლაპარაკებები მიჰყავდა ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან, რამდენად მომგებიანი თუ საზიანო იყო ეს ქართული სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამ საქმეზე პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„პირდაპირ მივმართავ პროკურატურას, სადემარკაციო კომისიის საქმიანობის შემსწავლელი გამოძიება დაიწყოს და თუ ეს გამოძიება არ დაიწყება, პარალელურად დავაყენებთ საკითხს, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც სადემარკაციო კომისიის საქმიანობას შეისწავლის. ქართული მიწის დაცვას ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჰექტარ-ჰექტარ ხდება ქართული მიწის დათმობა, არამარტო წინა ხელისუფლების პირობებში. „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა თურქეთისთვის 6 ჰექტარის გადაცემა, პირდაპირ ჩუქება და ეს არის დანაშაული“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი შეფასებით, ქართული მიწის დაცვა არის ქართველი ხალხის მთავარი ამოცანა.

„ის, რასაც ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ, დღეს ასე ჰექტარ-ჰექტარ დათმოთ, ეს არ გამოგივათ თქვენ. სწორედ ამიტომ იკრიბება ხალხი 15 ივნისს, შაბათს 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ჩვენი ინიციატივით და ყველას მოვუწოდებ, შემოუერთდნენ ამ შეკრებას, რადგან საქართველოს ხელისუფლებამაც ნახოს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამაც გაიგოს, ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას, არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება. სწორედ ეს გზავნილი გვინდა წავიდეს თბილისის და ბაქოს მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ ძალებს არ მიეკეროს ეს თემა, რისი მცდელობაც არის. ის რაღაც ბოროტი ძალები არსებობდნენ წინა რეჟიმის პირობებში, როდესაც სამარცხვინოდ ყიდდნენ დავით გარეჯსაც და ქართული მიწის 22 პროცენტიც სამარცხვინოდ ჩააბარეს მოწინააღმდეგეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა პარლამენტის სესიაზე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : გიორგი ქობულიას ქართულად უჭირს გადმოცემა, მის განცხადებებზე მასვე ჰკითხეთ
შემდეგი სტატია(Video) გია ვოლსკისა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა – შე ყეყეჩო, ბოკერია