წყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობა სრულდება

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, აფხაზეთის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცისა და კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა დასასრულს უახლოვდება.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან გაეცნო.

„წყნეთის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, საბავშვო ატრაქციონებისა და დასასვენებელი ზონის მოწყობა დავიწყეთ. ეს არის ადგილი, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა. აქ, სამწუხაროდ, გაყოლებაზე გვაქვს ტერიტორიები, რომლებიც წლების წინ გასხვისებული იყო. გადავწყვიტეთ, ამ სივრცეში ლამაზი დასასვენებელი ადგილი მოგვეწყო, რადგან პროექტის განხორციელებას ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვდა. სამუშაოების მთლიანად დასრულებას, დაახლოებით, ათი დღე დასჭირდება და უკვე ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ეს სივრცე გამოიყენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის თანახმად, 1 800-მდე კვ.მ ფართობის სივრცეში საბავშვო-გასართობი ატრაქციონები განთავსდა. სხვადასხვა სახის ინვენტარი ფიზიკური აქტივობებისთვის რამდენიმე ზონაში გადანაწილდა. ასევე, დამონტაჟდა საპარკე ავეჯი, მოეწყო სავალი ბილიკები, განათების ქსელი და სარწყავი სისტემა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

ამავე სივრცეში კომბინირებული სპორტული მოედანიც მოეწყო, სადაც რბილ საფარზე ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდა.

დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს „გია ქონსტრაქშენი“ აწარმოებს, 560 000 ლარია.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ასევე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ.

წინა სტატიაში“ჩვენი მიზანია ფართო დიალოგი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ერთიანი მომავალი”-დავით ზალკალიანი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ცესკო-ს შევთავაზებთ, რომ აცრებს ჩავუტარებთ კომისიის წევრებს, ასევე, გვსურს, კანდიდატებს შევთავაზოთ ვაქცინაცია