“წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა,” – ასე აფასებს ივანიშვილის დეპუტატი დავით მათიკაშვილი უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც თვითონ აკვირდებოდა.
“დასრულდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ვიცით, დათვლილია ხმების 99%. დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციურმა გაერთიანება “ტისამ”.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა გამარჯვებულ ძალას, ქართველი ხალხისა და ჩვენი ხელისუფლების სახელით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ უნგრეთთან გვქონდეს საუკეთესო ურთიერთობა. წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე. მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა გამოხატა თავისი არჩევანი, ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა, რათა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მართოს უნგრეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს,” – თქვა მათიკაშვილმა TV იმედთან.
ცნობისთვის, 12 აპრილს უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ქართული ოცნების დეპუტატები: გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ლევან მახაშვილი და სხვ. აკვირდებოდნენ.
ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით დამარცხდა.















