“წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტმა შედეგი უკვე დაწყებამდე მოიტანა”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2020 20:13

“წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტმა შედეგი უკვე დაწყებამდე მოიტანა”

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წყალტუბოს მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის დაანონსებამ ისეთი სერიოზული რეზონანსი გამოიწვია, რომ შედეგი უკვე არსებობს.

როგორც შალამბერიძემ “მაესტრო რეგიონებში” სტუმრობისას განაცხადა, წყალტუბოსთან დაკავშირებით ინტერესს უკვე არაერთი ინვესტორი გამოთქვამს.

“ეს ის პროექტია, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ შედეგი უკვე განხორციელებამდე აქვს. წყალტუბოსთან დაკავშირებით არაერთი ინვესტორი გვიკავშირდება და გამოთქვამს ინტერესს, ასევე გაიზარდა ინტერესი მთლიანად რეგიონის მიმართ. ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდნენ ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორატის წევრები, რომლებმაც გვირჩიეს, რომ როდესაც მსგავსი ტიპის პროექტი ხორციელდება ერთ ქალაქში, ძალიან მნიშვნელოვანია ირგვლივ მოეწყოს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ჩამოდიან ამ კონკრეტულ რაიონში გარშემო ყველაფერი საინტერესო იყოს. შესაბამისად, ჩვენც ამ მიმართულებით გვინდა, რომ მოვარგოთ მთლიანად იმერეთი და ის მუნიციპალიტეტები, რომელიც ესაზღვრება წყალტუბოს, ასევე არანაკლებ საინტერესო იყოს ტურისტებისთვის”, – განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე თქმით, წყალტუბოს სანატორიუმებთან დაკავშირებით ინტერესს გამოთქვამენ მსხვილი ინვესტორები და ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ წყალტუბოში დასვენება და მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის ქართველებისთვისაც და უცხოელებისთვისაც.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს სივრცით დაგეგმარება და ზოგადად გენერალური გეგმის შემუშავება, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, ზუსტად განვსაზღვროთ როგორ უნდა მოხდეს წყალტუბოს განაშენიანება. პირველი ეტაპია გენერალური გეგმის დასრულება, რომელიც განსაზღვრავს წყალტუბოს, როგორც კურორტის ფუნქციონირებას.

პირველ და მეორე ზონაში მკაცრად იქნება გაკონტროლებული ის, რომ ის იერსახე, რაც აქვს წყალტუბოს, შენარჩუნდეს. მესამე ზონაში კი, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, იქ უკვე იქნება თავისუფალი და იქნება შეასძლებელი გაკეთდეს მაღალსართულიანი სახლები და ა.შ.

ასევე, დაგეგმილი გვაქვს და პარალელურ რეჟიმში აშენდება პროფესიული კოლეჯი, რომელიც გადაამზადებს ყველას, ვისაც ადგილზე დასაქმების სურვილი და შესაძლებლობა ექნება, ეს შეიძლება იყოს, როგორც სანატორიუმებში, სასტუმროებში, ასევე რესტორნებში და სხვა. გარდა ამისა, წყალტუბოში გაკეთდება აკვაპარკი, კინოთეატრები და სხვა”, – განაცხადა შალამბერიძემ.

რაც შეეხება ადგილობრივების დასაქმებას, სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ხელშეკრულებაშივე იქნება მითითებული მინიმუმ რამდენი ადგილობრივი უნდა დასაქმდეს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

“რაც შეეხება წყალტობოში მცხოვრებ დევნილებს, შენდება 8 კორპუსი, რომელიც უნდა დასრულდეს წლის ბოლოს და დაახლოებით 560 ოჯახი მიიღებს ბინას. გარდა ამისა, ქუთაისში მიმდინარეობს 6 კორპუსის მშენებლობა, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანებს და გვაქვს ადგილები შერჩეული, რომ ახალი მშენებლობები დაიწყოს, ასე რომ, დევნილები, რომლებიც ამ სანატორიუმებში ცხოვრობენ, დაკმაყოფილდებიან ბინებით აუცილებლად”, – განაცხადა შალამბერიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2020 20:13