წითლიძე – სოზარ სუბარს გადაეცით, რომ არსებობს „ალკოდამოკიდებულების პროგრამა“ და ისარგებლოს, რაც ირაკლი კობახიძეს სჭირს, ამას ჰქვია „არასრულფასოვნების კომპლექსი“

როგორც ჩანს, ბატონი კობახიძისთვის მემკვიდრეობით ნორმაა პრეზიდენტების მკვლელობაში მონაწილეობის მიღება და რუსული ФСБ-ს ენით საუბარი, როდესაც საუბრობს პრეზიდენტის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ის, რაც სააკაშვილს სჭირს, ეს არის წამებით გამოწვეული და იმით, რომ არ უზრუნველყო ხელისუფლებამ ის სათანადო სამედიცინო მომსახურებით. ხოლო ის, რაც ბატონ კობახიძეს სჭირს და ეს სულაც არ არის სირცხვილი, ფსიქოლოგიურ ენაზე ამას ჰქვია „არასრულფასოვნების კომპლექსი“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, წითლიძემ უმრავლესობის მეორე დეპუტატს, სოზარ სუბარს მოუწოდა „ალკოდამოკიდებულების პროგრამით“ ისარგებლოს.

„ქართული ოცნების“ მმართველობის ეს წლები გამოირჩევა ზიზღის, ბოღმის, სიძულვილის ენის, საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დაყოფით და ყოველთვის, როცა გვგონია, რომ ყველანაირი ფსკერი უკვე გახვრიტეთ, მაინც ახერხებთ კიდევ უფრო მეტად საზოგადოების გაოცებას. განსაკუთრებით ამორალური და განსაკუთრებით სამარცხვინო იყო ირაკლი კობახიძის და სოზარ სუბარის განცხადებები საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ბატონი კობახიძისთვის მემკვიდრეობით ნორმაა პრეზიდენტების მკვლელობაში მონაწილეობის მიღება და რუსული ФСБ-ს ენით საუბარი, როდესაც საუბრობს პრეზიდენტის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ის, რაც სააკაშვილს სჭირს, ეს არის წამებით გამოწვეული და იმით, რომ არ უზრუნველყო ხელისუფლებამ ის სათანადო სამედიცინო მომსახურებით. ხოლო ის, რაც ბატონ კობახიძეს სჭირს და ეს სულაც არ არის სირცხვილი, ფსიქოლოგიურ ენაზე ამას ჰქვია „არასრულფასოვნების კომპლექსი“.

ასევე უნდა ვუპასუხო ბატონ სოზარ სუბარს, რომელმაც შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს სუიციდის პროგრამით სარგებლობა შესთავაზა.

„ბატონი სუბარი აქ არ არის და გადაეცით, რომ არსებობს ძალიან კარგი პროგრამა – „ალკო დამოკიდებულების პროგრამა“ და ვფიქრობ, ამით ბატონმა სუბარმა უნდა ისარგებლოს“, – განაცხადა წითლიძემ, რის გამოც მას მიკროფონი გამოურთეს.

წითლიძის ამ განცხადებას სხდომაზევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დეპუტატს მოუწოდა, განცხადებები ეთიკის ფარგლებში გააკეთოს.

მოგვიანებით, ამავე სხდომაზე წითლიძემ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი გააგრძელა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლებაში მყოფი პირების შთამომავლობასაც დაეკისრება.

„სახალხო დამცველი, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპარლამენტარები, ევროპის სახალხო პარტია მოგიწოდებთ ელემენტარულს – იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. ძალიან კარგად მესმის, რომ გადაწყვეტილების მიმღები აქ არცერთი არ ხართ და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი თქვენ არ გკითხავთ. თქვენ სრულფასოვანი მონებიც კი არ ხართ, მონის მონები გამოდიხართ ამ შემთხვევაში – ბიძინა საკუთრივ პუტინის მონა და თქვენ ბიძინას მონები. მაგრამ ერთი უნდა იცოდეთ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენ მთელ შთამომავლობას, შვილებსაც და ეს მორალური პასუხისმგებლობა იქნება ძალიან მძიმე“, – განაცხადა წითლიძემ.

ამასთან, წითლიძემ ისაუბრა უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას საჩუქრად ორი წიგნი მოუტანა – „რუსეთ-საქართველოს ომი“ და „100 ამბავი საქართველოს დემოკრატიულ მმართველობაზე“.

წითლიძის თქმით, „წიგნებში მარკერით არის გახაზული ის ძირითადი საკითხები, რომელიც წილოსანმა უნდა იცოდეს, რათა სამარცხვინო განცხადებები არ გააკეთოს“.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე თავდებობის შესახებ განცხადებაზე – არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება, როგორც ჩანს, მასზე ვიღაცებს ჰქონდათ პასუხისმგებლობა აღებული, მაგრამ ტრაილერით მაინც შემოვიდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ექიმი არ მოიძებნა, რომელსაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია? – თალაკვაძე სააკაშვილზე