წითლიძე კობახიძეს: ბატონო ირაკლი, თქვენ, ძალიან კარგად გესმით დეცენტრალიზაციის აუცილებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის

„კონკრეტული პასუხი გვინდა, როდის დაიწყება რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი“, – ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს პარლამენტის სხდომაზე.

წითლიძემ მთავრობის მეთაურობის კანდიდატს უთხრა, რომ ძალიან კარგად ესმის ირაკლი კობახიძეს დეცენტრალიზაციის აუცილებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

წითლიძის თქმით, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში საბოლოოდ დაიწყოს და დასრულდეს რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი.

„მეორე საკითხი, რაზეც მინდა კითხვა დაგისვათ, ეს არის რეალური დეცენტრალიზაციის განხორციელება ქვეყანაში. თქვენ, ავტორი ხართ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის და ძალიან კარგად გესმით დეცენტრალიზაციის აუცილებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

თქვენ, მათ შორის, აღნიშნეთ, სოფლის განვითარების პროგრამა და თქვით, რომ ძლიერი სოფელი მნიშვნელოვანია და ამაშიც დაგეთანხმებით, მაგრამ იმისთვის რომ სოფელი იყოს ძლიერი და რეგიონები განვითარდეს, მნიშვნელოვანია ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა ადგილებზე ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში საბოლოოდ დაიწყოს და დასრულდეს რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი.

ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ფისკალურ დეცენტრალიზაციას. პირდაპირი წესებით არჩეული მერები არის ძალიან კარგი, ამაშიც დაგეთანხმებით, თუმცა პირდაპირი წესებით არჩეულ მერს და საკრებულოსთვის მნიშვნელოვანია თვითონვე ჰქონდეთ ბერკეტი, მათ შორის ფინანსური. ეს მოიტანს უფრო მეტ განვითარებას რეგიონში. ამიტომაც, კონკრეტული პასუხი გვინდა, როდის დაიწყება რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი“, – აცხადებს ანა წითლიძე.

შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და სამთავრობო გუნდისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრის კენჭს.

banner
წინა სტატიაშიხაბარელი კობახიძეს: პოლიტიკაც რომ სპორტივით ფასდებოდეს, რამდენიმე ოქროს მედალი გეკუთვნით
შემდეგი სტატიადავით ხაჯიშვილი: „ჩვენი დიასპორის, ემიგრანტების ფული გინდათ ქვეყნის ეკონომიკაში, ხოლო მათი არჩევნებში მონაწილეობა არა!