„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რატომ არ დაესწრო პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა „ელექტრონული რეფორმის“ — პარტიის გარდაქმნისა და განვითარების კონცეფციის პრეზენტაციას. წითლიძის თქმით, ბოკუჩავა ღონისძიების შესახებ ინფორმირებული იყო, რადგან საკითხი საჯარო ხასიათს ატარებდა.
„არ ვიცი, რატომ არ იყო თინა ბოკუჩავა… აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ცხადია, ჰქონდა ინფორმაცია. პერსონალურად არ გაგვიფრთხილებია, თუმცა საჯაროდ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, მოსულიყო“, — აღნიშნა მან.
წითლიძემ ხაზი გაუსვა, რომ წარდგენილი კონცეფცია არა ერთი ადამიანის, არამედ პოლიტიკური საბჭოს მიერ დამტკიცებული პარტიის განვითარების გეგმაა, რომელზეც ერთ წელზე მეტხანს მუშაობდნენ. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებას თავმჯდომარე ესწრებოდეს, დეპუტატმა უპასუხა: „ჩემთვის თავმჯდომარის სტატუსი საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თავმჯდომარე იქნება თუ პარტიის წევრი, ყველა უნდა ესწრებოდეს“.

















