წინ რთული გზაა, ეს არის უწყვეტი ისტორია, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ, ვიქნები ამ გზის და თქვენი ერთგული ბოლომდე

როგორც მთავარსარდალი, საქართველოს დამოუკიდებლობის დამცველი ვიქნები, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, წინაპრებმა დაუტოვეს ძალიან დიდი ვალდებულება, რომ ქვეყნისთვის ღირებული რამ გაეკეთებინა.

„ასე იყო პირველივე დღიდან, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა ბევრისთვის მითი და მიუღწევადი მიზანი იყო. არა მხოლოდ ოჯახი, არამედ ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ვიზრდებოდი, ყველანი იყვნენ ამ რწმენით, რომ ეს დამოუკიდებლობა დაბრუნდება და იმ დღისთვის უნდა იყო მზად, იმ დღისთვის უნდა ისწავლო და მიაღწიო ყველაფერს, რაც არის მისაღწევი, რომ ამ ქვეყნის სამსახურში ჩადგე, სათავეში კი არა, ამაზე ვინ ფიქრობდა მაშინ, არამედ – სამსახურში, რომ გამოადგე, რაღაცა გაუკეთო ქვეყანას.

ეს არის ის, რაც მამოძრავებს. აქ არის ის დროშა, რომლითაც მე გავიზარდე, რომელიც ჩემთვის შეიძლება ემოციურად უფრო მეტს ნიშნავდეს, ვიდრე ახალი დროშა, რადგან ის იყო ერთადერთი დროშა, რომელიც არსებობდა და რომელიც ნიშნავდა, რომ საქართველო იყო და იქნება დამოუკიდებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, ქვეყნის დამოუკიდებლობა არის რთული და მის დასაცავად მუდმივად ბრძოლაა საჭირო.

„ახლა, როცა ჩვენ ვზეიმობთ ამ ასი წლის დამოუკიდებლობას, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დამოუკიდებლობა არის რთული და მუდმივად საბრძოლველი. ამ ქვეყნისთვის, სადაც მისი გარემოცვიდან გამომდინარე, ძალიან რთულია, იფიქრო, რომ ეს არის სამუდამო მოცემულობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის საბრძოლველი, მუდმივად დასაცავი და როგორც მთავარსარდალი, მე ვიქნები ამის დამცველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს გამთლიანებამდე ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი, ამიტომ მხარდამჭერებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა ერთად, რადგან ძალიან რთული არის ის გზა, რაც გვაქვს გასავლელი გამთლიანებამდე. ეს არის უწყვეტი ისტორია, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც მე ვარ, მე ვიქნები ამ გზის და თქვენი ერთგული ბოლომდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: “ნაცმოძრაობის” პროვოკაციის ამსახველ მასალას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწვდით
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობას შეხვდა