წილისყრის პროცედურების დარღვევა, კოორდინატორების მობილიზება – ISFED-ის შეფასება 10სთ-ისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებს აკვირდება, პირველ შეფასებას ავრცელებს. სამართლიანი არჩევნების ცნობით, უბნების თითქმის 1/4 08:00 საათზე კენჭისყრის დასაწყებად მზად არ იყო, რაც, მათივე განმარტებით, 2017 წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით მნიშვნელოვანი გაუარესებაა.

ISFED-ში ამბობენ, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ, თუმცა, მათ ცალკეულ შემთხვევებში საარჩევნო უბანზე წილისყრის პროცესის დაკვირვების უფლება შეეზღუდათ.

განცხადებასი ასევე ვკითხულობთ, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ზოგიერთი საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის მანძილზე შეიმჩნევა სააგიტაციო მასალები. ცალკეულ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა წილისყრის პროცედურების დარღვევას.

10 საათისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ აღირიცხა შემდეგი დარღვევები:

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა (3 ფაქტი)

#6 სამგორის საარჩევნო ოლქის #41-ე საარჩევნო უბანზე სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს არ მისცეს საარჩევნო უბანზე შესვლის საშუალება. კომისიამ მას განუმარტა, რომ უბანზე შეუშვებდნენ წილისყრის პროცესის დასრულების შემდეგ;
#6 სამგორის საარჩევნო ოლქის #31-ე უბანზე, დილის 7 საათიდან კარი დაკეტილი იყო და დამკვირვებელს არ მიეცა უბანზე შესვლის საშუალება;
#5 ისნის #31 საარჩევნო უბანზე, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელი წილისყრის პროცედურების დასრულებამდე უბანზე არ შეუშვეს. ამავე უბანზე, კომისიის მდივანმა დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების საშულება არ მისცა.
წილისყრის წესის დარღვევა (3 ფაქტი)

#24 დმანისის #10 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრების გამოსავლენად ჩატარებული წილისყრა დარღვევით წარიმართა, კერძოდ გადაკეცილ ფურცლებზე სადაც მითითებული იყო ფუნქცია – მოვალეობები არ ერტყა კომისიის ბეჭედი. მითითების მიუხედავად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული დარღვევა არ აღმოფხვრა;
#80 ქედის #5 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა საარჩევნო კოდექსის დარღვევით, უარი განაცხადა მისთვის წილისყრით გამოვლენილი ფუნქციის შესრულებაზე. თავმჯდომარემ მოვალეობის შესრულება, კანონის თანახმად, კომისიის სხვა წევრს დააკისრა;
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანზე ოთხი რეგისტრატორი კომისიის წევრის გამოსავლენად წილისყრა არ ჩატარდა, მაშინ როდესაც საოლქო კომისიის მიერ დანიშნული წევრების რაოდენობა თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის გარდა ექვსი იყო. თავმჯდომარის მითითებით ორმა წევრმა უარი თქვა რეგისტრატორის წილისყრაში მონაწილეობაზე და წილისყრის გარეშე დანიშნა რეგისტრატორი კომისიის წევრები. დამკვირვებლის მიერ დარღვევაზე ზეპირი მითითების მიუხედავად, თავმჯდომარემ უარი განაცხადა დარღვევის აღმოფხვრაზე.
საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზები (2 ფაქტი)

#4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე #5 რეგისტრატორს გადაეცა პაკეტად შეკრული ბიულეტენების დასტა, რომლის ოდენობა ნაცვლად 50-ისა შეადგენდა 53-ს;
#3 საბურთალოს სარჩევნო ოლქის # 80-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ფიქსირდება 1326 ამომრჩეველი, თუმცა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ხუთი რეგისტრატორის ნაცვლად ფიქსირდება 4.
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება (2 ფაქტი)

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #63-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა
ამომრჩეველს გადასცა 2 ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ერთ სახის ბიულეტენი. ამომრჩეველმა ერთი
მათგანი უკან დააბრუნა.
საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებული დარღვევა (2)

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #36 საარჩევნო უბანზე, დაირღვა საკონტროლო ფურცლის შევსების წესი. კერძოდ, საკონტროლო ფურცელი შეივსო დაგვიანებით, 10 ამომრჩევლის მიღების შემდეგ;
#54 სამტრედიის სარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე, პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე წინასწარ შეივსო საკონტროლო ფურცელი და სამივე საკონტროლო ფურცელი მოთავსდა ძირითად ყუთში.
სარჩევნო სიასთან დაკავშირებული ხარვეზები (1)

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო სიაში არ არის მითითებული ინფორმაცია გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ.
უბნის სიახლოვეს ამომრჩევლის აღრიცხვა (1)

#66 ხობის საარჩევნო ოლქის #25 უბანთან 25-30 მეტრის რადიუსში დაუდგენელი პირები ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.
ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროცესის ხარვეზი

#4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #32 სარჩევნო უბანზე ელექტრონული ბიულეტენების მიმღებ აპარატთან დაკავშირებით ტექნიკური ხრვეზი დაფიქსირდა. ადგილზე გამოცხადდა ტექნიკური ჯგუფი და გაუმართაობის გამო აღნიშნული აპარატი მოხსნა.
დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 664 საარჩევნო უბანი. ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ჩემი თავისუფლება და, რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს ბრძოლისუნარიანობაზე
შემდეგი სტატიასაარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია