მაია კალანდია: წიგნს – ,,გრანელის ლანდი”, უთუოდ ეტყობა გიას ხელიც, მისი გემოვნებაც, მისი ემოციური ინტელექტიც

“2014 თუ 15 წელია, ზუსტი თარიღი არ მახსოვს. ლერი ალიმონაკი მირეკავს, რომ არქივებში იპოვა ტერენტი გრანელის წერილები და ჩანაწერები, კრებული მზად მაქვს გამოსაცემადო.
წერილები, დაფინანსების თხოვნით, მიტანილი აქვს ზუგდიდის და წალენჯიხის მერიებში. შეპირდნენ თანხას წიგნის გამოცემისთვის, შეხვდა მერიის წარმომადგენლებსაც, მაგრამ ეს ყველაფერი შეპირებით დასრულდა, ტელეფონზეც არ მპასუხობენო.
მთხოვს, მივიდე და ადგილზე გავარკვიო, რა ეტაპზეა ეს ამბავი და შეასრულებენ თუ არა დანაპირებს.
ვიცი, რომ საგამომცემლო საქმიანობისთვის თანხა არა აქვს მერიას, ხოლო ბიუჯეტში ცვლილებისთვის თავს არ შეიწუხებენ და ეს ამბავი ფუჭია.
რა უნდა ვქნა, რა შეიძლება მოვიფიქროთ, მეკითხება ავტორი –

შევეცდები ეს გზა გამოვნახო, ცოტა მაცალეთ, ვპასუხობ.

ვურეკავ გია ხარჩილავას ( ისიც ჩემსავით თავისუფალი მოქალაქეა მაშინ, ოპოზიციონერი)),ვუხსნი სიტუაციას, თანხა არაა ცოტა, ჩემთვის (!), არც გიასთვის. ადრესატზე ვაძლევ მინიშნებას, ვის შეიძლება დაურეკოს და უთხრას))) ეცინება, არ გადასდის ახლა, მაგრამ ცდას არ დავაკლებო. რამდენიმე დღეში მირეკავს და მეუბნება, რომ თანხა იშოვა.
მერე მიდის ლერი ალიმონაკთან და აღფრთოვანებული მიყვება ტერენტის ჩანაწერებზე, როგორ შეიძლებოდა ამის არგამოცემაო. მერე იარა გამომცემლობაში, მხატვრებთან და ბოლოს გამოსცა კიდევაც.

წიგნს – ,,გრანელის ლანდი”, უთუოდ ეტყობა გიას ხელიც, მისი გემოვნებაც, მისი ემოციური ინტელექტიც.
არ ვიცი ვინმემ თუ იცის ეს ამბავი ასე დაწვრილებით, ლერი ალიმონაკის გარდა, მაგრამ ვწერ რეალურ ისტორიას.
ძნელია ყოველდღიური სტრესების ატანა და დაძლევა, ძნელია გაძლებაც, ცხადია!

ბევრის მნახველი და მოწმე ვარ, ბევრ ადამიანს ვიცნობდი, მათ შორის ქალაქების და მუნიციპალიტეტების პირველ პირებს. ჩემს მეხსიერებასა და რეალობაში, გია ხარჩილავა იყო და არის ყველაზე წიგნიერი და ნაკითხი, ვისაც კი ვიცნობდი და შევხვედრივარ.

არ ვიცი, კეთილი სამყოფელისკენ მიმავალი გზის ვარსკვლავები როდის და რისთვის ენთებიან, რა ახარებთ და როდის ქრებიან, მაგრამ თუკი სადმე ტერენტის ვარსკვლავი კიაფობს, ის უთუოდ შეეწევა და გზას გაუნათებს იმ ადამიანის სულს, რომელიც მისი ფიქრების წიგნში გადასატანად და ჩვენთვის გასაცნობად, პატარა ბავშვივით იყო გახარებული!-წერს მაია კალანდია.

banner
წინა სტატიაში“მოვითხოვთ, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ვისი დავალებით გაიცა ძებნაში მყოფ პირზე აკრედიტაცია” | ენმ მალკევიჩზე
შემდეგი სტატიამოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა- დათვლილია ხმების 99.50%