წერილი ჩინოვნიკებისთვის! წალენჯიხა, ამბავი 2

წერილი ჩინოვნიკებისთვის!
წალენჯიხა, ამბავი 2
ყველაფერი გაძვირდა, მოგეხსენებათ და იქეთ შსს-მ ცნობების გაცემის თანხა გაზარდა, აქეთ იუსტიციამ პასპორტის საფასური, თან ცოცხალი თავით ინფლაციას არ იმჩნევენ, ეკონომიკა 18 პროცენტით გაიზარდაო, გვიმტკიცებენ, ეკონომიკა 18 პროცენტით გაიზარდა და შსს-ს ცნობის გადასახადი 100 და 150 პროცენტით, მა რა, გაზრდილ ეკონომიკას ჭამა ხო უნდა?
ყველაფერი იზრდება ხელფასის გარდა, იზრდება ჩინოვნიკთა ხელფასები, ეზრდებათ პრემიები, იზრდება შტატები საჯარო სამსახურებში, მაგრამ უბრალო მოკვდავთა ხელფასებზე – ბოდიშიო…
მანქანებსაც კი ცვეთა აქვს და ყოველ წელს ბიუჯეტის ფულით ახალი მანქანა უნდა იყიდონ, რომ მერე ცოლ-შვილი ატარონ, მარტო ხელფასს არა აქვს ცვეთა!
გამდიდრების კიდევ ერთი გზა ტენდერია – მერიის, თუ გამგეობის შენობა რომ დაგავო, დალაგების კომპანიის თანამშრომელი უნდა იყო, ანუ, გახსნის ოცნებასთან დაახლოებული პირი დალაგების კომპანიას, მოიგებს ტენდერს, დაიქირავებს დამლაგებელს, დაალაგებინებს მერიის ან გამგეობის შენობას და დავუშვათ, თავად თუ აიღებს ამ საქმეში 1500 ლარს, დაქირავებულს გადაუხდის 300 ლარს, დანარჩენს ჩაიდებს ჯიბაში, აბა, რა, კომპანიააო – არაფერში, შუამავლობაში იღებს ბიუჯეტის ფულს!
და ადრე თუ დამლაგებელს უხდიდა გამგეობა 300 ლარს, ახლა 1500 ლარს გადაუხდის კომპანიას და დამლაგებლამდე მაინც 300 ლარი მივა…
ქურდობის ზედა ლეველი აქვთ მოგონილი…
ხოდა, რა შუაშია ახლა წალენჯიხა!
წელს ყველა მერს და მის მოადგილეს ხელფასები გაეზარდათ, რატომაც არა, მათაც ოჯახები ჰყავთ და ყველაფერი რომ გაძვირდა, მისი ხელფასიც უნდა გაიზარდოს, მაგრააამ, სხვა დანარჩენი საჯარო მოხელეები რომ კაპიკებს იღებენ, მათ ოჯახებს არ უნდა რჩენა? ამიტომ წალენჯიხის მერიამ გადაწყვიტა, რომ მერს და მის მოადგილეებს აღარ გაუზარდოს ხელფასი და მათი ხელფასების გასაზრდელად გამოყოფილი თანხა გადაანაწილოს სხვა თანამშრომლებზე, რომელთა ხელფასიც დაბალია.
როგორი ამბავია?
ჯერ მოტივაცია, როცა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა იცის, რომ მერის ხელფასისთვის გამოყოფილი თანხიდან გაეზარდა ხელფასი, მერე მოტივაცია მერიის მაღალჩინოსნების, რომლებსაც უთხრეს, რომ მათი ხელფასი ფასებთან მიმართებაში კი შეიძლება დაბალია, მაგრამ მერიის სხვა თანამშრომლების ხელფასთან შედარებით, ასტრონომიულად მაღალი, რამდენი რაიონის, რამდენი მერის მოადგილეს არ ეცოდინება იცით, რამდენი აქვს ხელფასი სხვა თანამშრომელს? წალენჯიხის მერიის მაღალჩინოსნებს კი ეცოდინებათ და რამდენჯერაც ეს ადამიანები ქუჩაში შეხვდებიან, იმდენჯერ გაახსენდებათ, ეცოდინებათ ისიც, რომ მათი ხელფასი რომ გაიზარდოს, იმათი ხელფასიც უნდა გაიზარდოს, მცირედით მაინც და ეს მოტივაცია იქნება.
რას შვრება ამ დროს ნახევრადოკუპირებული ქალაქის, გორის მერი?
ხელფასს იზრდის მშვიდად და გენადი ბესტაევის დაკრძალვასაც არ ესწრება, ისიც არ იცის, მის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან სოფლებში, სოციალური დახმარება რომ პანტა-პუნტად მოუხსნეს ხალხს!
რაში ადარდებს?
რატო რა, არ გაეზარდა ისედაც ხელფასი? ვერ დაისვენა ამერიკაში?
ვერ გადაიღო ფოტო ამერიკაში დამცხვარ ფრანგულ კღუასანთან?
წალენჯიხის მერი დედაქალაქში ხშირად დადისო, დასძახიან და გორის მერის ამერიკული ვოიაჟები ყურს უკან გაატარეს…
მოკლედ, ფორა ერთი – ჩახსნა ამ ხელფასების ისტორიით წალენჯიხამ!
გაბერილი შტატები
18 ასეთი შტატი აღმოჩნდა წალენჯიხაში, მერიის 18 თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ იმიტომ დაასაქმეს, რომ დაესაქმებინათ.
პატარა წალენჯიხაში 18 ადამიანი იყო დასაქმებული, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელფასი აეღოთ!
გაუქმდა მათი შტატები და 200 000 დაზოგა წალენჯიხამ.
წარმოიდგინეთ, რამდენი მერიაა, რამდენი 18-ჯერ მეტი ადამიანი ხელფასისთვის გაფორმებული და რამდენ 200 000 გვპარავენ!
იმის ნაცვლად, რომ დაპირებული ქარხნები გაეხსნათ, ინვესტიციები მოეზიდათ, სამუშაო ადგილები შექმნილიყო, სამუშაო ადგილები გამოიგონეს, კაბინეტები დაამატეს და ჩვენი ფულით უხდიან ხელფასს.
წარმოდგენაც რთულია დიდ ქალაქებში რამდენად ბევრი კადრი ჰყავთ ასე “დასაქმებული”. ქუთაისში დროშა ვერ დაკიდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 18-ზე ბევრად მეტი ეყოლებათ ასე გაფორმებული.
რას შვრებიან სხვა რაიონის ხელმძღვანელი პირები წალენჯიხის მაგალითს რომ უყურებენ? – ჭამენ, ჭამენ და კიდევ მეტად ჭამენ!
არადა, წალენჯიხამ, მეორე ფორაც ჩახსნა!
ამასობაში, კინაღამ ჩავარდა წალენჯიხაში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამა. ვიღაცეებს გაეხარდათ, ვიღაცეებს ეწყინათ, ვიღაცეები კი მივხვდით, რომ ვიღაცამ ვიღაცის ადამიანური შეცდომით ისარგებლა, თუმცა, ეს ვერ იქნებოდა გადამწყვეტი, რადგან ამ პროგრამას ბიძინა კი არ აფინანსებს? არ არსებობს ადამიანი, ვინც ამ პროგრამის დონორებს აუხსნის, როგორ მოხდა, რომ ერთადერთი ქალაქი, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა პროგრამის მიღმა დარჩა! ერთი არასწორი თარიღის გამო? ერთსაათიანი დაგვიანების გამო? ერთი არასწორად დაწერილი წინადადების გამო? – მაგას ვინ ჭამდა? რანაირად დააჯერებ დონორებს, რომ გორის მერიამ ყველა საბუთი სწორად შეავსო და წალენჯიხის მერია ერთი შეცდომის გამო დარჩა პროგრამის მიღმა?
ხომ ცხადია, რომ 999 შეცდომას გაუსწორებს ცენტრალური ხელისუფლება გორის მერიას, ქუთაისის, ზუგდიდის?
იბრძოლა წალენჯიხის მერიამ და დააბრუნა პროექტი წალენჯიხაში!
და მას შემდეგ, რაც პრობლემა მოგვარდა, პროექტმა გააგრძელა წალენჯიხაში არსებობა, პროექტზე პასუხისმგებელმა პირმა, წალენჯიხის ვიცე-მერმა პასუხისმგებლობა, პროექტის კინაღამ ჩავარდნის გამო თავის თავზე აიღო.
ასე აიღო 20 ივნისზე გახარიამ პასუხისმგებლობა და შს მინისტრობიდან პრემიერობამდე დაწინაურდა.
ასე აიღო ღარიბაშვილმა პასუხისმგებლობა 5 ივლისზე და ორგანიზატორები არავის დაუსჯია.
წალენჯიხის ვიცე-მერი კი გადადგა!
ესაა პოლიტიკური პასუხისმგებლობა!
აბა, რომ იძახიან, პასუხისმგებლობა ავიღეო და მაინც თანამდებობაზე არიან, ეგ რა პასუხისმგებლობაა?
ესეც მოტივაცია იქნება წალენჯიხის მერიის სხვა მაღალჩინოსნებისთვის, ეცოდინებათ, რომ შეიძლება იქვე, მეორე ქალაქში, მერია არაფერს აკეთებს და ხელფასს მაინც იზრდის, მაგრამ ეს არაა სწორი, ის მერიაა არაა მისი მაგალითი და თამასა აწეულია, სამი ფორა აღებული!
ერთი მერია მაინც, წამლად, ერთი მერია მაინც გაბედავს წალენჯიხის მერიას მიბაძოს?
მერე რა, რომ რამდენიმე სვლით დაწინაურდა წალენჯიხა, მათ დარჩათ ერთი ფორა – ვინ იქნება პირველი, ვინც წალენჯიხის მაგალითს გამოიყენებს!
გორის მერის იმედი არ მაქვს, ცხადია, მაგრამ იქნებ, სადმე, შემორჩა ვინმე, ვისაც მცირედი თავმოყვარეობა აქვს შემორჩენილი და თავის ქალაქში, თავისი ყოფილი კლასელებისთვის თვალებში ჩახედვის მაინც შერცხვება და ეცდება, რაღაცით დაიწყოს!
მითი, თვითმმართველობას არაფერი შეუძლია, იმსხვრევა და დღეს, თუ ხვალ, თუ ზეგ, თქვენი მეზობლებიც, თქვენი მეგობრებიც გაიგებენ, რა შეუძლია მერიას, თუ მოინდომა, ან საკრებულოს! ორი გზაა, ან სხვისგან გაიგებენ, ან თქვენგან – მე მეორეს გირჩევდით, წაგადგებათ და თან თავადაც იმ სიამოვნებას მოგიტანთ, რომელსაც ვერ იყიდით.

ავტორი: თამო კეშელავა

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი – წალენჯიხის ვიცე-მერის თანამდებობას ივანე ბურდული დაიკავებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- ქვეყნის შიგნით მოქმედ დესტრუქციულ ძალებს ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო კამპანია აქვთ წამოწყებული საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების წინააღმდეგ