წერილი არის შეთითხნილი და შეტანილი განათლების სამინისტროში, ვის მიერ, კაცმა არ იცის

ია კერზაიას შვილი დედის გარდაცვალებასა და ზუგდიდის მე-6 სკოლის შემოწმების საქმეზე გამოძიებას ითხოვს. როგორც ბაჩანა შენგელიამ განაცხად განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ია კერზაიას გარდაცვალებაზე გამოძიება ჯერ კიდევ არ არის დაწყებული, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დოკუმენტური მტკიცებულებები გამოძიების დასაწყებად.

ამასთან, ბაჩანა შენგელიამ აღნიშნა, რომ მინდობილობით ითხოვა, სკოლის შემოწმების საქმის წარმოებაში პირადად ჩართულიყო, რადგან დედა ძალიან განიცდიდა შექმნილ ვითარებას, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.

„ჩვენს შემთხვევაში მოხდა შემდეგი რამ – თითქოს წერილი დაწერა ვინმე ლავრენტი ქირიამ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. წერილი არის შეთითხნილი და შეტანილი განათლების სამინისტროში, ვის მიერ, კაცმა არ იცის. ანონიმურ წერილზე არ შეიძლება ინსპექტირების დაწყება. შესაბამისად, შემდგომი რეაგირება, როგორც მინიმუმ, არის უკვე დარღვევა. როდესაც სამართლებრივ მხარეზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება, არ ვისაბროთ იმაზე, რომ გამოძიება არ არის დაწყებული, ადამიანის გარდაცვალებიდან ორი თვის თავზე. ხომ არის კითხვები, ვინ დაწერა წერილი, ისიც ითქვა, სამინისტროში დაიწერაო. ეს ვინ უნდა გაარკვიოს? ეს უნდა გაარკვიოს გამოძიებამ, რომელიც ორი თვეა, არ იწყება“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

მისივე თქმით, „ია კერზაიას მორალური სასამართლო მოუწყვეს, შემოწმების აქტი მისთვის მორალური სასჯელი იყო, რომელიც ვერ გადაიტანა“.

„მინდა, მორალურ ნაწილსაც შევეხო. ყველა ამ ქმედებაზე ბატონმა მინისტრმა აიღო პასუხისმგებლობა. დღემდე, ამ სხდომამდე, მქონდა იმედი, რომ ის ან შეცდომას დაარქმევდა ამას, იტყოდა, რომ შეიძლება მან რაღაც კანონები დაარღვია ან მისმა მოხელეებმა, შეიძლება ის ამას გამოიკვლევდა, მაგრამ მან პირადად აიღო ყველაფერზე პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ანუ, მთელს ამ პროცესზე ამბობს, რომ არის სამართლებრივი პროცესი. სინამდვილეში, მიმაჩნია, რომ იას მოუწყვეს მორალური სასამართლო. ის შემოწმების აქტი მისთვის ზუსტადაც რომ იყო მორალური სასჯელი, რომელიც ვერ გადაიტანა“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

როგორც ბაჩანა შენგელიამ აღნიშნა, ჯერ კიდევ იტოვებს იმედს, რომ პროკურატურა საქმით დაინტერესდება.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მანამდე, კერძოდ, იმავე წლის ნოემბერში სკოლაში მოქალაქის წერილის საფუძველზე განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა შემოწმება დაიწყო.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ია კერზაიას გარდაცვალება პოლიტიკურ ზეწოლას მოჰყვა.

საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს განათლების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. კომიტეტზე მინისტრის მისვლა ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიბატიაშვილი: იურიდიულად კერზაიას გათავისუფლება შემეძლო, მაგრამ მორალურად სწორად მოვიქეცი
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, სოფო კილაძის გადადგომას ითხოვენ