წერეთელი: რუსეთის ინტერესშია, რომ საქართველოში გლეჯდნენ ევროკავშირის დროშებს, სწორედ ხელისუფლების მავნებლურმა პოლიტიკამ წაახალისა ეს ყველაფერი

“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი, 5-6 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

წერეთლის თქმით, ამგვარი ქმედება, როდესაც ხდება ძალადობა არასამთავრობო სექტორზე, უმცირესობის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე და ეს ხდება ხელისუფლების არააქტიური მოქმედებების ფონზე, ხდის მას ამ პროცესის მონაწილეს, რაც სწორედ რუსეთის ინტერესებშია.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ამგვარად ქვეყნის მართვა, ასეთი დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის და ამ პროცესის წახალისება არის სწორედ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული და ამაში ხელისუფლება, რათქმაუნდა, უნდა იხდიდეს სერიოზულ პოლიტიკურ ფასს.

„ის, რაც მოხდა საქართველოში 5-6 ივლისს, რათქმაუნდა, ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისათის. ვფიქრობ, რომ ძალიან ნეგატიური მუხტი შეიტანა ჩვენ საზოგადოებაშიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის წახალისება ხდება ხელისუფლების მხრიდან, წახალისება ძალადობრივი ჯგუფების, დაუსჯელობა და ისევ და ისევ, ყველაფრის გადაბრალება ოპოზიციისათვის. მიუღებელია გარკვეული კონსპირაციები, რომ ამ ყველაფრის უკან დგას რადიკალური ოპოზიცია, რაც არაერთხელ აქვს ყველას მოსმენილი.

ხელისუფლების საქმე არ არის მხოლოდ, რომ სხვას აბრალოს, მისი საქმეა, რომ წესრიგი არსებობდეს, კანონი იყოს დაცული და ადამიანები თავს გრძნობდნენ უსაფრთხოდ, მიუხედავად მათი კუთვნილებისა ამა თუ იმ უმცირესობისადმი.
ეს ის სტანდარტებია, რაც უნდა ჰქონდეს ქვეყანას, რომელსაც აქვს სურვილი, რომ იყოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და არა რუსეთის სატელიტი.

სწორედ რუსეთის ინტერესებშია, მოახდინოს საქართველოს ჩამოშორება ევროატლანტიკური გზიდან, რადაც არ უნდა დაჯდეს ეს, 2008 წელს ეს იყო ომი, მას შემდეგ ხდება ამგვარი ჰიბრიდული მოქმედებების წარმოება, რბილი ძალის გამოყენება თუ სარგებლობა იმით, თუ საზოგადოებაში როგორი საპირისპირო განწყობებია და მოხდეს ამის წახალისება.
აქ ხელისუფლების პოზიცია არის მიუღებელი, არავითარი გამართლება არ აქვს, რომ სადღაც საპოლიციო ძალები არ ჰყოფნის, ვიღაც ვერ დაიცვეს და ა.შ. ყველამ კარგად იცის, რომ თუ ხელისუფლება მოინდომებს, მისი სურვილი იქნება და პოლიტიკური ნება, ვერცერთი ძალადობრივი ჯგუფი ვერ გაბედავს იმას, რაც ჩვენ ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში.
ადრეული პრეცენდენტები, რაც ძირითადად უკავშირდებოდა პოლიტიკურ ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს და ა.შ, აქ სწორედ დაუსჯელობის პოლიტიკამ წაახალისა ეს ყველაფერი. სწორედ რუსეთის ინტერესშია, რომ საქართველოში გლეჯდნენ ევროკავშირის დროშებს, რადგან მთავარი ნარატივები, რაც მათ მიერ არის შექმნილი, სწორედ არის დასავლური ღირებულებების საწინააღმდეგოდ, რაც თავის თავში გულისხმობს მთავარ საკითხებს, ადამიანის უფლებებს, უსაფრთხოებას და კანონის უზენაესობას ყველასთვის.

სამწუხაროდ, ეს მოვლენები გახდა ნაწილი საარჩევნო კამპანიისა და როგორც ჩანს, ამ ღერძზე აეგება ხელისფლების კამპანია და თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალია, რომ ამ ტენდენციას შეეწინააღმდეგოს, არ დაუშვას ის, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოხდეს საქართველოში მომავალშიც მსგავსი მოვლენები და მათი ესკალაცია.

დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ მომავალ ევროკავშირის ან ნატოს წევრობაზე, ეს სულ ფუჭი განცხადებები იქნება, თუკი ამგვარი სურათები იქნება საქართველოდან, რაც ეხლა მთელმა მსოფლიომ ნახა ამ დღეების განმავლობაში, რათქმაუნდა, ეს ეხება უმცირესობებს, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და ამგვარი რეალობით, ყველამ ზუსტად იცის, რომ ვერავითარი წინსვლა ჩვენს ევროატლანტიკურ გზაზე ვერ იქნება. მთავარი სტანდარტები, რაც დღეს უნდა იყოს დაცული ქვეყანაში, არ არის დაცული და სწორედ ამით იზომება ქვეყნის დემოკრატიულობა.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფოს პანაშვიდი- საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია დაანონსეს
შემდეგი სტატია10 წლის გოგოზე სავარაუდოდ, სექსუალური სახის გარყვნილი ქმედება განახორციელეს- მამაკაცი ოჯახის ახლობელია