წერეთელი – ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მიიღოს, რომელიც დამნაშავეებსაც გაათავისუფლებს

ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს სჯეროდა, რომ შეიძლება რაღაც შეაცვლევინონ და მიაღებინონ იმგვარი კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციას სურდა. მეორე ნაწილისთვის ეს იყო მხოლოდ გადაწყვეტილება და სურვილი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ჯიუტად მიჰყვება თავის ხაზს და მათი მთავარი ამოცანაა მიიღონ კანონპროექტი, რომელიც გაათავისუფლებს დამნაშავეებს, რომლებმაც ადამიანებს ზიანი მიაყენეს.

„ფაქტია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების რეალიზაცია ვერ ხერხდება ამნისტიასთან დაკავშირებით. იმ დოკუმენტში ძალიან ნათლად ეწერა, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, რატომღაც ჩვენი კოლეგების ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს არ შეეხება ყველას და ექნებათ ის ინსტრუმენტები და გავლენა, რომ პარლამენტში შეცვალონ „ოცნების“ გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ჯიუტად მიჰყვება ამ ხაზს და მისი მთავარი ამოცანაა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გაათავისუფლებს დამნაშავეებსაც, რომლებმაც ადამიანებს ზიანი მიაყენეს და ამ შემთხვევაში, მეორე მხარეს არის პოლიტპატიმარი ნიკა მელია, რომლისთვისაც ეს არის მიუღებელი. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ შეთანხმების ხელმოწერის დროს არ იყო გათვალისწინებული ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, არც მანამდე იყო კონსულტაციები და ნაჩქარევად მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ახლა ძნელია ამ ყველაფრის იმგვარად რეალიზება, რომ დაცული იყოს პოლიტიკური პრინციპები და იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელია როგორც ნიკა მელიასთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის ვინც დაზარალდა 20 ივნისის ღამეს. „ქართულ ოცნებას“ არ სურს შეასრულოს ეს მთავარი პუნქტი და ნიკა მელია იყოს თავისუფალი.

შესაძლებელია ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს სჯეროდა, რომ შეიძლება რაღაც შეაცვლევინონ და მიაღებინონ იმგვარი კანონპროექტი რომელიც ოპოზიციას სურდა. მეორე ნაწილისთვის ეს იყო მხოლოდ გადაწყვეტილება და სურვილი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და დიდად არც ყოფილა ამაზე ფიქრი. ახლა პასუხისმგებლობა აკისრიათ იმ პირებს, ვინც არის ჩართულად ამ პროცესში, გადაწყვიტა ხელი მოეწერა ამ დოკუმენტისთვის და ეს ბრძოლა ეწარმოებინა. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას სჭირდება, რომ ოპოზიციის ლიდერი იყოს გარეთ, ამნისტიის კანონი ყველა დამნაშავეს არ შეეხოს და გაგრძელდეს ბრძოლა იმისათვის, რომ ვადამდელი არჩევნებით ხელისუფლება შეიცვალოს. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს პროცესი სწორად წარიმართოს და ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით დავეხმარებით. ეს პირველ ყოვლისა არის საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობა და სამართლიანი კრიტიკა როდესაც ეს საჭიროა. მიუხედავად იმისა, რომ ვადამდელ არჩევნებისკენ არასწორი გზით მივდივართ, ახლა მოვემზადებით, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციას ჰქონდეს მაღალი შედეგი და ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს მაღალი რეიტინგის მიღება“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური 20 ივნისის საქმეზე – ყველაზე მძიმე მუხლი ნიკა მელიას აქვს წაყენებული
შემდეგი სტატიაგომელაური სანქციების გამკაცრებაზე – ვფიქრობ, როცა აშავებ უნდა დაისაჯო კიდევაც