წელს საქართველოში წითელას გამო გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

წითელა არ გაჩერდება, მაგრამ თუ 350 ათას ადამიანს ავცრით, ეს პრობლემა უნდა დავამარცხოთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„წითელა არ ჩერდება, წელს, პირველი იანვრიდან გვაქვს უკვე 2100-ზე მეტი შემთხვევა, როცა შარშან მთელი წლის განმავლობაში გვქონდა იგივე რაოდენობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შარშან წითელას გამო 72 ადამიანი გარდაიცვალა ევროპაში, მათ შორის, 3 საქართველოში. სამი ბავშვიდან არც ერთი იყო აცრილი, რადგან ორს ჯერ არ უწევდა, ერთს კი ჰქონდა ისეთი დაავადება, რომლის დროსაც აცრა არ შეიძლება. წელს საქართველოში წითელას გამო გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟმად აცრები კარგად მიდის, 95 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი დამატებით, მათ გარდა, ვისაც 1 და 5 წლის ასაკში ეკუთვნის გეგმურად აცრა. აცრილები თავს დაიცავენ, მაგრამ წითელა არ გაჩერდება. იცით, რომ ყველაფერი იქნა მობილიზებული: თურქეთმაც გაგვიწია დროებითი დახმარება 100 ათასი ვაქცინით, 30 000-ით სომხეთმა, ჩვენ 95 000 შევიძინეთ. იმდენი ვაქცინაა, თუ წელს 350 000 ადამიანს ავცრით, წითელას არათუ გავაჩერებთ, მისი პრობლემაც კი მოიხსნება”, – განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ არსებული ვაქცინები ორი ძირითადი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიცირებული და თანაც, ბრენდული მწარმოებლის არის.

„ბევრი კითხვაა ვაქცინებთან დაკავშირებით, რომელიც სომხეთიდან თუ თურქეთიდან მივიღეთ და დამატებით შევისყიდეთ. ყველა არის ორი ძირითადი მწარმოებლის. ესენია ასე ვთქვათ, ყველაზე “ბრენდული” კომპანიები, რომელთა დასახელების უფლება არ მაქვს, მაგრამ ერთი ამერიკულია, ხოლო მეორე – დასავლეთ ევროპული. ისიც ფაქტია, რომ ისინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა კვალიფიცირებული. არ ვიცი, კიდევ რას მოიფიქრებენ, რომ ვაქცინებს რამე დაუწუნონ”, – აღნიშნა იმნაძემ.

ამას გარდა, მან კომენტარი გრიპზეც გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის თვესთან შედარებით 2.5-ჯერ დაიკლო და ამჯამად 100 ათას მოსახლეზე 100-130 შემთხვევაა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს
შემდეგი სტატიაკიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურა