14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

წელს ხილი და ბოსტნეული, სავარაუდოდ, გაძვირდება – ფერმერები მიზეზებს განმარტავენ

წელს ადგილობრივად წარმოებული ხილი და ბოსტნეული, შესაძლოა, გაძვირდეს. ფერმერები ფასების ზრდას გაზრდილ თვითღირებულებას უკავშირებენ – გაძვირებულია საწვავი, ელექტროენერგია, სარწყავი წყალი და აგრარული საშუალებები, რაც საბოლოოდ სამომხმარებლო ფასებზეც აისახება. საკითხზე “საქმიან დილასთან” ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

ვახტანგ ბეჟიტაშვილი განმარტავს, რომ გაძვირებული სასუქებისა და პესტიციდების გამო, შესაძლოა, ფერმერებმა რიგი სამუშაოები არ ჩაატარონ, რაც ხარისხზე და რაოდენობაზე იქონიებს გავლენას, ჯამში კი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი სამომხმარებლო ფასებს გაზრდის.

„დიზელზე ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ინფლაციაც მაღალი ტემპით მიდის. ამ ფონზე ცხადია შემცირება მოსალოდნელი არ არის, პირიქით, გარკვეულ პოზიციებზე შეიძლება დეფიციტიც შეიქმნას და ფასები გაიზარდოს. სხვა ქვეყნებში მაგ. აზერბაიჯანში ან რუსეთში ფერმერს იგივე პროდუქტზე თვითღირებულება ასე არ გაეზრდება, რადგან საწვავის ხარჯი ასეთი მაღალი არ აქვთ. ამ მაღალი დანახარჯების პირობებში, შესაძლოა, ადგილობრივმა ფერმერებმა იფიქრონ, რომ იმ თვითღირებულებაზე ძვირად გაყიდვა გაუჭირდებათ და ნაკლები ფართობი დაამუშაონ, რაც ასევე ფასებს გაზრდის“, – განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

ფასების განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის არის არასტაბილური კლიმატური პირობები, რომლებმაც გასული დღეების განმავლობაში მოსავლის ნაწილი უკვე დააზიანა. ხილ-ბოსტნეულის შესაძლო გაძვირებაზე მოქმედ ფაქტორებზე “საქმიან დილასთან” ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფასების ზრდის წინაპირობა მუშახელის ხარჯის მატებაცაა.

„შარშანდელ ამ პერიოდთან შედარებით დიზელი 30%-ით გაძვირდა. სარწყავი წყალიც ძვირდება, მიუხედავად იმისა რომ გარკვეულ ნაწილს სახელმწიფო ასუბსიდირებს ფერმერისთვის მაინც ზრდაა, ასევე გაძვირდა ელექტროენერგია. ისეთი დარგები, სადაც იყენებენ ინტენსიურ მორწყვას, ეს სისტემები ელექტროენერგიაზე მუშაობს და ამდენად გამოიყენება დენიც. გარდა ამისა, გაძვირდა მუშახელი და სამწუხაროდ, წელსაც მოლოდინია, რომ მათი შრომითი ანაზღაურება კიდევ გაიზრდება. ცხადია, ეს ყველაფერი წარმოების ხარჯებს აწვება და მოსალოდნელია, გასაყიდი პროდუქციის გაძვირება“, – განაცხადა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა.

ფერმერი ილია ყავრელიშვილი კი დღეს არსებული ფასების გათვალისწინებით აცხადებს, რომ კარტოფილის თვითღირებულება 25%-ის ფარგლებში უკვე გაძვირებულია. მისივე ვარაუდით, ფასების მატება იმპორტირებულ პროდუქციაზეც გარდაუვალი იქნება.

„კარტოფილის თვითღირებულება 25% უკვე გაძვირებულია, თუმცა მონაცემები ყოველდღიურად იცვლება და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. ტრანსპორტირება გაძვირებულია, გადაზიდვებიც და საიდანაც არ უნდა მოხდეს იმპორტი, ვფიქრობ, მაინც გაზრდილი ფასი იქნება წელს“, – უთხრა bmg-ის ყავრელიშვილმა.

საქსტატის მიერ 2026 წლის მარტის ინფლაციის ამსახველი ანგარიშის მიხედვით 10 ყველაზე გაძვირებულ პროდუქციას შორის 6 ხილისა და ბოსტნეულის კატეგორიიდან იყო. მარტში წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად 92%-ით ქლიავი გაძვირდა, მესამე პოზიციას კი 57%-ის გაძვირებით მწვანე ლობიო იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობი შესაძლოა საქართველოს სანაპიროზეც მოხვდეს- რას ამბობს არჩილ გუჩმანიძე
შემდეგი სტატიააშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6931 ლარი გახდა