წელს აივ ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

წელს აივ ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „თაიმერს“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„1989 წლიდან დღემდე ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში სულ 7159 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის 5355 მამაკაცი და 1804 ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3782 პაციენტს. 1460 პაციენტი გარდაიცვალა“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

30 ივნისის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 4365 პაციენტი, მათგან 49 ბავშვია.
„რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.8 % (2921) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 45.8 % (3278) – ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა; 10.8 % (776) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან (მსმ); 1.4 % (100) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) – სისხლის რეციპიენტია და 0.7 % (48) – გადაცემის გზა დაუდგენელია“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში – 2608 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი; სამეგრელოში 909 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ზუგდიდში – 605, იმერეთში 894 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ქუთაისში 436; აჭარაში 809 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ბათუმში – 512; აფხაზეთში დაფიქსირებულია 452 შემთხვევა, კახეთში – 345, ქვემო ქართლში -372, შიდა ქართლში – 268, გურიაში – 153, ფოთში – 110, სამცხე-ჯავახეთში – 99 და ა. შ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი აჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2008 წელს – 351; 2009 წელს -385; 2010 წელს -455; 2011 წელს – 424; 2012 წელს – 526; 2013 წელს – 490; 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს -719.

2018 წელს გარდაიცვალა 80 აივ ინფიცირებული, ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა – 127.

სულ საქართველოში გამოვლენილია 106 აივ ინფიცირებული ბავშვი, მათგან 66 არის ვაჟი, და 40 გოგონა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ოკუპაციის მიუხედავად საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა