წელს 26 მაისის მთავარი სლოგანია „ევროპისკენ“ – ამით კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ისტორიულად სწორედ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ – მიქაუტაძე

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს გამორჩეული ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, მეცნიერისა და პოლიტიკოსის ნიკო ნიკოლაძის ქალაქიდან“ – ასე მიულოცა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ფოთიდან, სადაც სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე უწყების მიერ მოწყობილი პავილიონები და სივრცეები დაათვალიერა.

„26 მაისი ის დღეა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. წელს ამ დღის მთავარი სლოგანია „ევროპისკენ“, რითაც კიდევ ერთხელ გვსურს ვთქვათ, რომ ისტორიულად ჩვენ სწორედ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ფოთი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია – ნიკო ნიკოლაძემ აქცია ეს ქალაქი ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ამიერკავკასიაში პირველი, თბილისი-ფოთის რკინიგზა აიგო, გაშენდა ხიდები, მოეწყო ნავსადგური, განვითარდა ვაჭრობა და მრეწველობა, განათდა ქუჩები,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, დღეს ეკონომიკის სამინისტრო ფოთის მთავარ მოედანზე მოსულ მოქალაქეებს ბევრი სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით და ისტორიული გამოფენით მასპინძლობს, სადაც, მათ შორის წარმოჩენილი იქნება საქართველოს ენერგეტიკის განვითარება და ევროპასთან დაახლოება.

გარდა ამისა, გაიმართება სხვადასხვა სპორტული, ასევე საბავშვო აქტივობა და მუსიკალური შოუ.

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნება. სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო ღონისძიებებზე რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთში და მესტიაში.

მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში,“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ფოსტის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, „საქრუსენერგოს,“ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების, ენერგეტიკის განვითარების ფონდის სივრცეები და პავილიონები.

banner
წინა სტატიაში26 მაისი – საზეიმო აღნიშვნა – მარნეული
შემდეგი სტატიაჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა – ბერძენიშვილი